სიახლეები

ASBIS საქართველოში iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max- ის მოწოდებას იწყებს

1.48Kviews

ყველას გეხსომებათ ის დრო, როდესაც საქართველოში აიფონი იმდენად გვიან შემოდიოდა (ოფიციალური გაყიდვების დაწყებიდან თვეების გასვლის შემდგომ), რომ არც ოფიციაულ რესელერს ადგებოდა რამეში მისი გაყიდვა და მომხმარებელსაც გაცილებით უფრო ძვირად უწევდა მისი შეძენა. მოკლედ, ყველა უკმაყოფილო იყო, გარდა არაოფიციალური გადამყიდველებისა „შავ ბაზარზე“.

მაგრამ ეს დროს წარსულს ჩაბარდა. ეს მოხდა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, როდესაც Apple-ის შემოდგომის ღონისძიებაზე ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად საპრეზენტაციო ეკრანზე საქართველოს დროშა გამოჩნდა სხვა წამყვანი ქვეყნების დროშების გვერდით!

ეიფორიის გასვლის შემდგომ „GeMUG-ის“ რედაქციამ გადაწყვიტა დეტალურად გაერკვია სიტუაცია. ამისათვის ჩვენ დავუკავშირიდით iSpace-სს, ერთადერთ Apple Premium Reseller-ს საქართველოში.

კომპანიამ მოგვაწოდა ოფიციალური პრეს-რელიზი, საიდანაც ირკვევა, რომ iPhone-ის ახალი მოდელები, საქართველოში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური გლობალური გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ერთდროულად სხვა მეორე ტალღის მუდმივ მონაწილეებთან ერთად. რაც გულისხმობს, ქართველი მომხმარებლებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას, შეიძინონ iPhone-ის უახლესი მოდელები, Apple-ის ადგილობრივი ავტორიზირებული წარმომადგენლებისგან  და გამორიცხონ შეძენის „ტრადიციული“, არაოფიციალური გზები, რომელიც უკავშირდება ზედმეტ ხარჯებს და არაოფიციალურ გარანტიას.

კომპანია ASBIS-ის ინფორმაციით, რომელიც გახლავთ Apple-ის პროდუქციის ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში, წინა წლებში Apple-ის ახალი პროდუქციის შეძენა „შავ ბაზარზე“  უფრო ადრე იყო შესაძლებელი ვიდრე ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა. თუმცა, ფასი აღნიშნულ არაოფიციალურ პროდუქციაზე გაცილებით მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ფასისა და პროდუქტის წარმომავლობისა, ქართველი მომხმარებლები ყოველთვის მზად იყვნენ გადაეხადათ მეტი, რადგან პირველებს მიეღოთ Apple-ის პროდუქციის ახალი მოდელები.  ახლა ამის აუცილებლობა აღარ არის ვინაიდან წელს საქართველო შევიდა იმ დაწინაურებულ ქვეყნებს შორის სადაც გაყიდვების მეორე ტალღა იწყება. ამ სიაში კი, მხოლოდ 29 ქვეყანა შედის.

როგორც კომპანია iSpace-ის ხელმძღვანელი, სოფიო ჭუმბურიძე „GeMUG“-თან საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ, iSpace-ის გუნდი, ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა პირველად გამოჩნდა Apple-ის პრეზენტაციაზე კუპერტინოში და ასევე გადმოინაცვლა გაყიდვების მეორე ტალღაში. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორის „ASBIS“-ის დახმარებით, მოცემულ მოვლენაში დიდი როლი ითამაშა iSpace-ის მაღაზიის გახსნამ, რომელიც  საქართველოში ერთადერთია Apple Premium Reseller-ის სტატუსით“.

კიდევ ერთხელ შეგახენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურად iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყება 21 სექტემბერს. ხოლო გაყიდვები ხელმისაწვდომი იქნება 28 სექტემბრიდან, Apple-ის ავტორიზირებულ პარტნიორებთან: iSpace(აისფეისი) – (რომელიც გახლავთ ერთადერთი Apple Premium Reseller-ის მაღაზია საქართველოში), ALTAOKAY, itechnics, Aerosoft, Elit Electronics.

GeMUG ულოცავს ყველა თავის წევრს და Apple-ის ტექნიკის მოყვარულს საქართველოში ამ ფრიად სასიხარულო ფაქტს და იმედოვნებს, რომ გაყიდვების მეორე ტალღაში გადმოსვლის შემდეგ ჩვენი რეგიონისთვის სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება Apple-ის სერვისების სრული სპექტრი: App Store-ით დაწყებული, Apple Pay-თ დამთავრებული.

Comments

comments

Leave a Response