სიახლეები

HP TouchPad-ის მიმოხილვა

468views

სიმართლე გითხრათ, ამ მიმოხილვის დაწერას გაცილებით ადრე ვაპირებდი, მაგრამ ზამთრის სასტიკმა გაციებამ ცოტათი შემაყოვნა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, გაცილებით. ეს ისე, ლირიკა. დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. HP-ის ტაბლეტით საკმაო ხანია დაინტერესებული ვარ. ინტერესის ძირითადი ესკალაცია ჩემში გამოწვია ერთმა მეგობარმა, დავით ივერიელმა, რომელიც ჯერ ერთი, უძველეს მაკისტთა ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოში და მეორეც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც webOS-ით მოიხიბლა და მისი ფანი გახდა. საკმაო ხანი დიდი სკეპტიციზმით ვუყურებდი ამ webOS-ს. Apple-ის iOS-ით განებივრებულს, Android-ის მოუქნელობით დაღლილს, არ მიმაჩნდა, რომ ეს საოპერაციო სისტემა ზოგადად და ეს ტაბლეტი კონკრტულად ჩემში რაიმე ინტერესს აღძრავდა. ამ თემაზე ჩემსა და დავითს შორის არაერთი შეჯახება მოხდა, „სისხლიც“ ბევრი დაიღვარა, თუმცა პოზიციების შენარჩუნებით ორივე მხრიდან. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჩვენს GO! ბლოგში არ დავიწყე მუშაობა და რეალურად არ მომეცა საშუალება ხელით შევხებოდი ამ მოწყობილობას, ასე ვთქვათ, შემეგრძნო მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტები.
და აი, დიდი ხნის ლოდნის შემდეგ, ფოსტით მივიღე ნანატრი ტაბლეტი. გამოვიტანე, განვაბაჟე და ჩავუჯექი მის დეტალებს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ერთს ვიტყვი, ძალიან მომეწონა ეს ტაბლეტი, თითქმის ფანი გავხდი. თუ რატომ მომეწონა და რატომ თითქმის, ამაზე დღევანდელ მიმოხილვაში მოგიყვებით. თუმცა მოდი მივყვეთ დეტალურად.

კომპლექტაცია

კოლოფში (სხვათაშორის, ძალიან ხარისხიანად შესრულებულში) მოთავსებულია შემდეგი მაკომპლექტებელი ნაწილები:

• პლანშეტი;
• ელექტრო ქსელიდან დამტენი მოწყობილობა;
• USB-კაბელი კომპიუტერთან და ელკვების წყაროსთან მისაერთებლად;
• რბილი ნაჭერი ეკრანისა და კორპუსის გასაწმენდად;
• მცირე სახელმძღვანელო;

კოლოფი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან ხარისხიანია და iPad-ის კოლოფს არაფრით ჩამოუვარდება. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მე, როგორც Apple-ის პროდუქტებით განებივრებულ ესთეტს, ძალიან მაღიაზიანებს პროდუქტები, რომელთა შეფუთვა უგულისყუროდ და დაბალი ხარისხის მასალისგან არის შესრულებული (გამარჯობა, Amazon). ეს ისე, მცირე გადახვევა.

ტექნიკური მახასიათებლები:

საოპერაციო სისტემა: webOS;
პროცესორი/ჩიპსეტი: 1200 მჰც Qualcomm Snapdragon APQ8060, 2 ბირთვი;
ოპერატიული მეხსიერება: 1 გბაიტი;
მუდმივი მეხსიერება: 16 ან 32 გბაიტი;
ეკარნი: 9.7 გოჯი, გარჩევადობა: 1024×768, მატრიცა IPS, მოცულობითი, მალტითაჩი;
უსადენო კავშირი: Wi-Fi 802.11b/g/n, Bluetooth 2.1 EDR;
კამერა ფრონტალური, 1.3 მეგაპიქსელი;
ფოსოები: micro-USB, 3,5 მმ. აუდიო;
სენსორები: აკსელერომეტრი, ჰიროსკოპი, კომპასი, განათების სენსორი;
კუმულატორი: 6300 მა/სთ (9 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში);
ზომები: 240x190x14 მმ.
წონა: 740 გრ.

დიზაინი [გარეგანი სახე]

გარეგანი სახე თავიდანვე მომეწონა. ზომა-ფორმით ძალიან წააგავს iPad-ს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით გააჩნია კარგი და ცუდი მომენტები. ეკრანის ზომა შეადგენს იგივე 9,7 გოჯს, ეკრანის გვერდების თანაფარდობა იგივე 4:3 გახლავთ, ხოლო გარჩევადობა — 1024×768 წერტილი. კორპუსი დამზადებულია პრიალა პლასტიკატისაგან, რომელიც მართალია ძალიან სწრაფად ითითხნება ნათითურებით, მაგრამ მე პირდად ფრიად მესიამოვნა მასთან შეხება. რაღაც სასიამოვნო და რბილია, მოკლედ არ ვიცი, მე მომეწონა ძალიან. ყველა კუთხე მომრგვალებულია, რაც ასევე სასიამოვნოა. მართალია და ეს მინუსია, რომ TouchPad უფრო მძიმეა, ვიდრე iPad. წონისა და სისქის მიხედვით ის აშკარად ჩამორჩება iPad-ს, წამოწოლილ მდგომარეობაში საკმაოდ მოუხერხებელია მისი ხელში დაჭერა, უმჯობესია წიგნივით გვრდით დაიდოთ და ისე იმუშაოთ. თუ არა და წამოჯექით, მიეყრდენით რაიმეს და მუხლებზე დაიდეთ. ამ დროს არ შეგექმნებათ დისკომფორტი.

ღილაკები და ფოსოები კორპუსზე მინიმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი. წინიდან ჩანს მხოლოდ კამერის ნახვრეტი კორპუსის ზედა ნაწილში, ხოლო ქვემოთ — ერთადერთი ღილაკი. მარჯვნიდან ხმის ამწევ-დამწევი საქანელა. ზემოდან განთავსებულია ჩართვა-გამორთვის ღილაკი, მიკოფონის ნასვრეტი და ყურსაცვამების ფოსო. მარცხნიდან ორი სპიკერია ჩამონტაჟებული. მოწყობილობის კოლოფზე წერია, რომ პლანშეტში არის Beats Audio ტექნოლოგია, რაც ნიშნავს ხმის მაღალ ხარისხს. ქვემოდან განთავსებულია micro-USB ფოსო, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მოწყობილობის კომპიუტერთან მიერთება ან ელქსელიდან დატენვა. აქ უნდა სპეციალურად ავღნიშნო, რომ HP TouchPad-ი iPad-ისაგან განსხვავებით არ დაიტენება კომპიუტერისაგან, მხოლოდ ელკვებით. არ ყოფნის ძაბვა აშკარად კომპიუტერიდან. თანაც საკმაოდ დიდი ხანი იტენება.

ეკრანი

ეკრანზე ცოტა დეტალურად მინდა ვისაუბრო, ამიტომ გამოვყავი ცალკე პუნქტად. მისი დამზადებისას გამოყენებულია IPS მატრიცა, როგორც iPad-ებში. ხედვის კუთხეები, სიკაშკაშე, ფერთა გადაცემა — ძალიან მაღალ დონეზეა. რაც არ მომწონს — სიპრიალეა, რომელიც საერთოდ არცერთ ეკრანში არ მომწონს. თანაც ნათითურების რაოდენობით ძალიან, ძალიან გადაუსწრო iPad-საც კი. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ თითების შეხების დამუშავება საუცხოო დონეზეა, მცირედი მიკარებაც კი გადასარევად აღიქმება.

საოპერაციო სისტემა webOS

ისტორია

პირველად webOS წარდგენილი იქნა 2009 წელს კომპანია Palm-ის მიერ, როგორც ადრინდელი Palm OS-ის შემცვლელი. ძველი საოპერაციო სისტემა მორალურად მოძველებული იყო და საჭიროებდა სერიოზულ მოდერნიზაციას. ახალი მობილური საოპერაციო სისტემა ნულიდან შეიქმნა და ეს გადამწყვეტი ნაბიჯი გახლდათ, რამაც სერიოზული ძალისხმევა მოითხოვა დეველოპერებისაგან. კერძოდ, Palm OS-თან თავსებადობის შესანარჩუნებლად, web OS 1.0-ში, რომლის დებიუტიც Palm Pre-ზე შედგა, დამატებული იყო ემულატორი Classic. თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, ამის აუცილებლობა არ არსებობდა და webOS-ის შემდგომ ვერსიაში (2.0) ეს ემულატორი ამოიღეს. webOS-ის ისტორიაში კიდევ ბევრი საინტერესო მაგალითი შეგვიძლია ვიხილოთ: მაგალითად, მისი ნულიდან შექმნის ერთ-ერთი მოტივი გახლდათ მრავალამოცანიანობის უზრუნველყოფა, თუმცა როგორც ცნობილია, მობილური პლათფორმისათვის ეს არ არის კრიტიკული საკითხი.

Palm-მა მოასწრო კიდევ რამდენიმე მოწყობილობის გამოშვება ბაზარზე, კერძოდ Palm Pixi-ს და Palm Plus მობლური ოპერატორისათვის Verizon, ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ფლაგმანი მოდელი Palm Pre 2. თუმცა, დიდი წარმატება ამ მოდელების გამოშვებას არ მოჰყოლია. ამიტომაც 2010 წლის გაზაფხულზე კომპანია Palm შეიძინა HP-მ. ახალმა მეპატრონემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი საქმეს და 2010 წლის შემოდგომაზე ჩვენ მივიღეთ webOS 2.0 უკვე ახალი მარკით. 2011 წლის დასაწყისში წარმოდგენილი იქნა ახალი მოწყობილობები, HP Pre 3 და მინიატურული HP Veer, ხოლო 2011 წლის 1 ივლისს — პლანშეტი HP TouchPad ახალი საოპერაციო სისტემით webOS 3.0-ით. HP ვარაუდობდა გამოეყენებინა ეს საოპერაციო სისტემა პერსონალურ კომპიუტერებშიც (ალბათ მეორე, მსუბუქი ოს-ის სახით) და პრინტერებში. თუმცა სამწუხაროდ ამ გეგმებს აღსრულება არ ეწერათ. 2011 წლის 18 აგვისტოს HP-მ გამოაცხადა ამ დეპარტამენტის თავიდან მოშორების შესახებ და მართალია ორი თვის შემდეგ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, webOS-ის შექმნა მაინც შეწყდა. ამასთან HP არ აპირებს შეწყვიტოს პლანშეტების გამოშვება, მაგრამ… Windows 8-ის ბაზაზე. უკომენტაროდ…

არქიტექტურა

მაშ ასე, webOS ნულიდან შეიქმნა და საკმაოდ მოკლე პერიოდში, რაც არაორაზროვნად მიუთითებს Open Source ნამუშევრების გამოყენებაზე. მართლაც, webOS-ის საფუძველში Linux-ის ბირთვია: 1.x-2.1 რელიზში — 2.6.24 ვერსია, ხოლო შემდგომში — უფრო ახლები და ბოლოს 3.x-ში — 2.6.35. მხარდაჭერილია დრაივერების სტანდარტული არქიტექტურა, ფაილების სისტემა ext3 (სისტემური ტომისათვის) და fat32 (გარე მეხსიერებისათვის). გამოყენებული კომპონენტებისა და პაკეტების სია შეგვიძლია ვიხილოთ ამ გვერდზე. ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია webOS 2.0-ის არქიტექტურა — ამაზე ის მიუთითებს, რომ webOS 3.0-ში Mojo Framework-ის ნაცვლად გამოიყენება Enyo. ნებისმიერ შემთხვევაში ამ საოპერაციო სისტემისათვის აპლიკაციები იქმნება HTML/CSS/JavaScript-ის გამოყენებით, ხოლო შესრულება ხდება User Interface (UI) System Manager-ის საშუალებით, რომელიც, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბრაუზერის WebKit-ის ბაზაზეა აგებული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პროგრამა ვებ-გვერდია.

თუმცა webOS-ში არსებობს საშუალება გავუშვათ აპლიკაცია, რომელიც დაწერილია C/C++ ენაზე. ამისათვის დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ Plug-In Development Kit (PDK), რომელიც ემატება სტანდარტულ SDK-ს და საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით პლაგინები, ანუ კომპონენტები, რომლებიც უერთდება აპლიკაციებს ბრაუზერებში გამოყენებული მექანიზმების მეშვეობით. PDK-ში გამოიყენება GCC, OpenGLES 1.1/2.0, მულტიმედია ბიბლიოთეკა SDL (Simple DirectMedia Library) და მისი გაფართოება PDL (Palm Development Library), რომელიც უზრუნველყოფს წვდომას webOS-ის სპეციფიურ მოწყობილობებთან.

სამწუხაროდ, webOS ვერ დაიკვეხნის მრავალი აპლიკაციით. ერთი მხრივ, ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რომლეთა საშუალებითაც შეგვიძლია დავწეროთ აპლიკაცია ამ პლათფრომისათვის, ერთ-ერთ ყველაზე მარტივს და ადვილად გასაგებს მიეკუთვნება, მეორე მხრივ, HTML/CSS/JavaScript — ჯერ-ჯერობით არაა საუკეთესო საშუალება შედარებით რთული აპლიკაციების შესაქმნელად. მაგალითად, სისტემურ აპლიკაციებში დამატებული Quickoffice, რომელიც განკუთვნილია საოფისე დოკუმენტებთან სამუშაოდ, მხოლოდ ამ ფაილების წაკითხვის ფუნქციით შემოფარგლება. Google, რომელიც ყოველმხრივ მხარს უჭერს HTML-გარემოს, დეველოპერების სტიმულს უჩენს საკუთარი მაგალითით, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით HP-ზე. სიტუაციას ვერ შველის ამ საოპერაციო სისტემის გარშემო გაჩენილი სტიქიური დეველოპერების საზოგადოება.

მალთიტასკინგი

როგორც უკვე მოგახსენეთ, webOS PalmOS-ის საქმის გამგრძელებელი გახლავთ, რომელიც რაღაცა მომენტიდან ძალიან ჩამორჩა კონკურენტებს. ამ უკანასკნელთა შორის გახლავთ Simbian და Windows Mobile. საინტერესოა შემდეგი, რომ Palm მიხვდა მალთიტასკინგის აუცილებლობას მაშინ, როდესაც Microsoft-მა მასზე უარის თქმა გადაწყვიტა. ახლა უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ფუქნცია მობილურ პლათფორმებში სპეციფიურად უნდა მოეწყოს და არა პირდაპირ, ნაჯახით ამოიჩეხოს როგორც სამაგიდე სისტემებშია. ჩემი მოკრძალებული აზრით, Palm-მა იპოვნა საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება.

ტექნიკური თვალსაზრისით, webOS საშუალებას იძლევა ერთდროულად შევასრულოთ რამოდენიმე აპლიკაცია, ამასთან თითოეული მათგანი სისტემისაგან მოიხმარს გამოთვლითი რესურსების აუცილებელ ოდენობას. ამ პროცესს System Manager ხელმძღვანელობს. მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ ერთ აპლიკაციასთან ურთიერთქმედება, ყველა დანარჩენი ფონში გადადის, სადაც მათ ეზღუდებათ მრავალ სისტემურ სერვისთან და ენერგოტევად ფუნქციასთან ურთიერთქმედება, ხელოვნურად უმცირდებათ ქსელთან მიმართვის რაოდენობა და ა.შ. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ფონურ აპლიკაციას შეუძლია აუცილებელი შეტყობინების გამოტანა მომხმარებლისათვის. ეს შეტყობინებები ძალიან კარგად არის მოფიქრებული, ხელს არ უშლის მომხმარებელს და ერთ, განსაზღვრულ ადგილას გროვდება.

არაჩვეულებრივადაა მოფიქრებული webOS-ში ფონურ აპლიკაციებთან წვდომა. სახელად ამ ფუქნციას ჰქვია „ბარათები“ — თითქოსდა მართლაც ბანქოს ქაღალდად იქცაო, აპლიკაცია ზომაში მცირდება და ერთი აპლიკაციის რამდენიმე ფანჯარა დასტად ეწყობა. იმისათვის, რომ აპლიკაცია ფონში გადაიყვანოთ, საკმარისია ეკრანზე აუსვათ თითი ქვემოდან ზემოთ (ეს ჟესტი როგორც გავარკვიე R.I.M BlackBerry PalyBook-ში გადაიტანა, ანუ მოიპარა), ან დააჭიროთ „Home“ ღილაკზე. თუ გსურთ აპლიკაციის მთლიანად დახურვა უბრალოდ გადაისროლეთ მისი „ბარათი“ თითით ეკრანის ზემოთ. გაქრება და დაიხურება, სულ ესაა. მოკლედ, მომეწონა გადაწყვეტილება ფრიად და რიგ შემთხვევაში iOS-ის ვარიანტს სჯობნის კიდევაც.

უნდა ითქვას, რომ webOS-ის ბარათების იდეა კარგად ჩანს Windows Phone 7.5-ის ფონური აპლიკაციების მართვის სისტემაში. თუმცა ბრმად გადატანილი არ არის.

Synergy

webOS-ის კიდევ ერთ განმასხვავებელ იდეას — სხვადასხვა ონლაინ-წყაროს გაერთიანება ერთიან საინფორმაციო ნაკადში — სახელად Synergy ჰქვია და პირდაპირი მნიშველობით შეგვიძლია გავიგოთ. რას წარმოადგენს ეს ტექნოლოგია? აი ახლავე მოგიყვებით. პლანშეტში სისტემურად აყენია ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Contacts, Email, Calendar, Messaging. ეს აპლიკაციები წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს, ანუ შემკრებს, გარსს, რომლებსაც მიუერთდებიან სხვადასხვა ონლაინ-სერვისები: Google Aps, Facebook, Microsoft Exchange. შესაძლებელია თითოეული ანგარიშის მიბმა საჭირო აპლიკაციასთან, სადაც შემდგომ მოხდება ინფორმაციის თავმოყრა ერთ ადგილას — მაგალითად, ყველა წერილი ყველა საფოსტო ანგარიშიდან ერთ აპლიკაციაში ინახება და ერთად შეგიძლიათ ნახოთ. ყველა ანგარიშის ჩეტ-სისტემა ასევე ერთ აპლიკაციაშია მოქცეული, ყველა კალენდარი ერთადაა, ასევე ყველა კონტაქტი და ა.შ. პარამეტრების მინიჭების შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად დაიწყებს განახლებას: მაგალითად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ჩაასწორა საკონტაქტო ინფორმაციას — თქვენ საფოსტო ანგარიშში, თუ თქვენი მეგობარი სოციალურ ქსელში — ყველა ჩასწორება მალე აისახება თქვენს ტაბლეტში. სია თავიდანვე ხელმისაწვდომი სერვისებისა პატარა ნამდვილად არაა, თუმცა ზოგიერთი სერვიი აკლია (Twitter და Microsoft Messanger, მაგალთად).

თუმცა Synergy-ს რეალიზაციას თავისი ნიუანსები გააჩნია — მაგალითად, რომელიმე ანგარიშის წაშლისას კონტაქტები შეიძლება მაინც დარჩეს თქვენს ტაბლეტში და შემდგომში მათი წაშლა სათითაოდ მოგიწევთ.

Just type

„უბრალოდ აკრიფე“ — ასე ქვია ჩაყენებულ, გამჭოლ საძიებო სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად მოვიძიოთ ინფორმაცია როგორც მოწყობილობაში, ასევე ინტერნეტში. სახელი ძალიან ზუსტად არის შერჩეული: საკმარისია დაიწყოთ კლავშებზე დაჭერა, როდესაც იმყოფებით საწყისს გვერდზე (დოკუმენტაციაში ამ გვერდს ჰქვია Card View), რომ საძიებო სისტემა იმავწუთას დაიწებს მოქმედებას. ძებნა ხორციელდება ლოკალურად ბევრ ადგილას (კონტაქტები, ფოსტა, რჩეულები, ინფორმაცია მედია-ფაილებიდან). წერილებისა და დოკუმენტების შიგთავსის ინდექსაცია არ ხდება. ამის გარდა, ამ ფუქნციას შეუძლია იქონიოს სწრაფი წვდომა ზოგიერთ პოპულარულ მოქმედებასთან — მაგალითად Facebook-ის სტატუსის განახლებასთან.

მოკლედ, webOS-ში პრაქტიკულად ყველაფერია, რასაც მომხმარებელი მოელის მობილური პლათფრომისაგან, თუმცა როგორც წესი, ზოგიერთი ფუქნცია უკეთ არის შესრულებული, ზოგიც — უარესად. მაგალითად, ეს ტაბლეტი კომპიუტერს კაბელის საშუალებით უერთდება როგორც დიდი ვინჩესტერი, რაც უდავოდ დიდი პლიუსია, თუმცა ამ დროს მისი გამოყენება შეუძლებელია (ეკრანი იბლოკება).

როგორც ადრე ავღნიშნეთ, ბრაუზერისათვის გამოყენებულია Webkit-ძრავა და მხარდაჭერილია HTML5 და Flash. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოყენებულია აპარატურული ამაჩქარებელი.

აპლიკაციები და HP App Catalog

აი აქ სამწუხაროდ ცუდი სურათია. თან ფრიად ცუდი სურათი. აპლიკაციების ცოტა კი არ არის, კატასტროფულად ცოტაა. როდესაც ტაბლეტი მივიღე, პირველ ქმედება ჩემი მხრიდან გახლდათ დამატებითი აპლიკაციების ჩამოტვირთვა, კი ბატონო გადმოვიწერე Facebook, Angry Birds და პრინციპში მორჩა ჩემთვის საინტერესო აპლიკაციების სია. კი, არის რარაცეეი, მაგრამ სწორედ რომ რაღაცეები, პრიმიტიული ნაკლებ საინტერესო აპლიკაციები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ რეალობაში.

წარმადობა

სიმართლე გითხრათ, ამ ტაბლეტის სიჩქარით დიდად მოხიბლული არ დავრჩენილვარ. მართალია მასში ჩაყენებულია 1.2 გჰც ორბირთვიანი პროცესორი, მაგრამ მაინც. პროგრამების გაშვება და ეკრანის ორიენტაციის შეცვლა პრინციპში ნორმალური სისწრაფით ხდება, ხოლო ანიმაცია ბრაუზერში წყვეტილია. Flash-იც საკმაოდ ნელა მუშაობს. ამასთან რაც ბევრი სარკმელი თუ გაქვთ გახსნილი, სიჩქარე სერიოზულად ვარდება. ინტერნეტში მოიძიება სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება პროცესორის ოვერკლოკინგი 1.7 გჰც-მდე. აი მერე გაიხარე, სწრაფად იწყებს მუშაობას ტაბლეტი! მე არ გავაკეთე ეს გარკვეული მიზეზების გამო.

აუდიო-ვიდეოს დაკვრა

აუდიო-ვიდეოზე პრინციპში არ მაქვს პრეტენზიები. თუ გავითვალისწინებთ, რომ webOS-ში ფაილური სისტემა გახსნილია, კაბელით კომპიუტერთან მიერთების შემდეგ უბრალოდ შეგიძლიათ ჩაყაროთ მედია-ფაილები რომელიმე საქაღალდეში, ან ახალი საქაღალდე შექმნათ. შემდეგ შეხვიდეთ შესაბამის პროგრამაში ტაბლეტში და თქვენი მედია-შიგთავსი უპრობლემოდ გამოჩნდება. მოკლედ, ამ მხრივ ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული HP TouchPad-ში.

აკუმულატორი

ტაბლეტში ჩადგმულია 6300 მა/სთ მოცულობის აკუმულატორი, რომელიც ცოტათი ჩამოუვარდება iPad 2-ის აკუმულატორს ზომებით. HP აცხადებს, რომ მისი საშუალებით თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტში ძრომიალს 8 საათის განმავლობაში, ან 9 საათი უყურებთ კინოს, ან 3 დღე მოუსმენთ მუსიკას. მაგრამ ხომ გესმით, რომ ასეთი ხელოვნური მაჩვენებელი არაფერს გვეუბნება. აბა ვინ მოუსმენს 3 დღე განუწყვეტლივ მუსიკას, ან კინოს 9 საათი ვინ უყურებს? მე ჩემს შედეგებს მოგახსენებთ. მთლიანად დამუხტული აკუმულტორით სადღაც 1 დღე კარგად ვამუშავე. აქ შედიოდა კინოს ყურებაც, ცოტა მუსიკა, საკმაოდ ბევრი თამაში (ბრაზიანი ჩიტუნები) და ყველაზე მეტად ინტერნეტში ძრომიალი, ძირითადად Facebook-ზე.

დადებითი და უარყოფითი მომენტები [პლიუს-მინუსები]

+ შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები;
+ აწყობის ძალიან მაღალი ხარისხი;
+ მკვეთრი, მაღალი ხარისხის ეკრანი;
+ ავტონომური მუშაობს საკმაოდ დიდი დრო;
+ მედია-ფაილებთან პირდაპირი წვდომა;

– აპლიკაციების ძალიან მცირე რაოდენობა;
– არ გააჩნი მეხსიერების ბარათის სლოტი;
– ეკრანი და კორპუსი ძალიან სწრაფად ითითხნება ნათითურებით;
– დიდი წონა;
– ქართული ენის მხარდაჭერის არარსებობა ბრაუზერშიც კი;

დასკვნები

დასკვნების გამოტანა ჩემთვის ამ მოწყობილობის შემთხვევაში საკმაოდ ადვილია: მოწყობილობა მე მართლა ძალიან მომეწონა და ძალიან სამწუხაროა, რომ კომპანია HP-მ აბსოლუტურად არასწორად წაიყვანა საქმეები მასთან დაკავშირებით. მთლიანად შეწყვიტა აპარატურის წარმოება, ანუ უშუალოდ ტაბლეტის, ხოლო webOS ღია გახდება, ანუ ნებისმიერი შეძლებს მის ბაზაზე საკუტარი ტაბლეტის გამოშვებას. ვნახოთ რამდენად უშველის ეს საქმეს, თუმცა ჯერ ბედ-იღბალი ბუნდოვნად მოჩანს.

რეალურად, თუ კი ვინმეს აქვს უფლება ეწოდოს iPad-ის რეალური კონკურენტი, ეს HP TouchPad უნდა ყოფილიყო და არა ის საცოდაობა, რასაც ანდროიდი ჰქვია. HP-ის მხრიდან საქმეების ჭკვიანურად წაყვანის შემთხვევაში ამ ტაბლეტს ბაზრის საკმაოდ სერიოზული წილის დათრევის პერსპექტივა გააჩნდა. შეთქმულების თეორიების დიდად არ მჯერა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მისი ჩაძირვა ხელოვნურად მოხდა, „სიკეთის იმპერიის“ უშულო დახმარებით.

და სულ არ მიკვირს ეს.

Comments

comments

Leave a Response