მიმოხილვა

iPhone X-ის მიმოხილვა

1.25Kviews

ავდაპირველად, ამ სტატიის მომზადებისას, ვფიქრობდი რამდენიმე ნაწილად დამეყო ტექსტი: პირველ ნაწილში შედარებით ზედაპირულად მიმომეხილა Apple-ის ახალი მოწყობილობა, ხოლო მეორე ნაწილში უფრო საფუძვლიანი ანალიზი ჩამეტარებინა. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ პირველი შთაბეჭდილება სწორედ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და მთავარი. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ კიდევ რამე აზრები მომივიდეს თავში, რაზეც არ დაგზარდებით და ცალკე სტატიის, ან სტატიების სახით დავწერ. მთავარი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები კი უკვე ჩამომიყალიბდა. ამ სტატიაში ვეცდები ისინი დეტალურად გადმოგცეთ.

მაგრამ სანამ გავაგრძელებდე თხრობას, მინდა ერთ საკითხზე შევჩერდე უფრო დეტალურად. მოგეხსენებათ, რომ Apple-ის უახლესი სმარფტონი, iPhone X დემოკრატიული ფასით დიდად არ გამოირჩევა. თანაც, ლარის კურსსაც თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ მაღალ ფასს მივიღებთ ქართულ ბაზარზე. დღიდან ამ ახალი მოდელის ანონსისა, მე როგორც ნამდვილ ეფლისტს, გამიჩნდა დაუოკებელი სურვილი, მქონოდა ეს მოდელი. თუ საბოლოო მფლობელობაში არა (ამჟამად მეექვსე iPhone-ნი მაქვს, რომელიც ავად თუ კარგად თავის მოვალეობას ასრულებს და ჯერ ნაადრევია მისი ისტორიულ სანაგვეზე გასტუმრება), დროებით მაინც, რომ შემძლებოდა საფუძვლიანი მიმოხილვის დაწერა, ასე ვთქვათ ცოცხალი ურთიერთმქდებით. კი, ვიცი, შემეძლო ამეღო ნებისმიერი უცხოური, პროფილური საიტიდან მიმოხილვა, გადმომექართულებინა და ამგვარად მომეწოდებინა მკითხველისათვის. მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ტეხავს ასეთი საქციელი. თუ ახალი ამბების გადმოცემისას ეს სრულიად დასაშვებია და GeMUG-ის პორტალზე ბლომად ნახავთ ნათარგმნ სტატიებს, მიმოხილვის მომზადებისას უკიდურესად მნიშვნელოვანია ახალი მოწყობილობა ხელთ გქონდეს. არა რამდენიმე წუთით, თუ საათით, არამედ რამდენიმე დღით, ან კვირითაც კი. რომ სრულფასოვნად შეაფასო მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დაინახო, მარკეტინგის სქელი ფენის ქვეშ, რეალურად რა არის ეს, ვარგა, თუ არა და ღირს კი მასზე ამხელა თანხის დახარჯვა (გავიხსენოთ, ამჟამად ტელეფონის ელემენტარულ ფუნქციას ბაზარზე 30-50 ლარიანი „არაჭკვიანი“ გაჯეტებიც შესანიშნავად უმკლავდებიან. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ სმარტფონების მომხმარებელთა დიდი ნაწილი თანამდროვე, ძვირადღირებული მოწყობილობის ფუნქციების სულ რამდენიმე პროცენტს თუ იყენებს.)

ადრე, GeMUG-ის ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე, მე მქონდა ბედნიერება მეთანამშრომლა ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, რომლის დამფუძნებელთან მეგობრული ურთიერთობა დღემდე არ წყდება. ამ კომპანიის დახმარებით 2010-12 წლებში GeMUG-ის მკითხველებმა Apple-ის იმ დროისათვის უახლესი ტექნიკის არაერთი მიმოხლვა მიიღეს. საქმიანი ურტთიერთობა ამ კომპანიასთან თავის დროზე დასრულდა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დასრულებულა პირადი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა, რაც მე ძლიერ მახარებს.

გავიდა დრო, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრ რამზე სხვა თვალით დავიწყეთ ყურება. GeMUG-იც სულ სხვანაირია, ვიდრე 5-7 წლის წინ. და ვფიქრობ რომ მოვიდა დრო, კვლავ ავაღორძნოთ ჩვენს პორტალზე მსგავსი სტატიების დაწერის პრაქტიკა. მართალია, ვცდილობთ ყოველდღე შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები, სასარგებლო რჩევები, მსუბუქი იუმორით გაჯერებული სტატიებიც, მაგრამ რაც ამ ეტაპზე GeMUG-ის პორტალზე არ გვაქვს საკმარისად, სერიოზული, ანალიტიკური მიმოხილვებია. მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს უაზროთ ვაკოპიროთ უცხოელი ავტორების დაწერილი ტექსტები. ეს მათი აზრებია, მათი მოსაზრებები და რაც მთავარია, მათი სუბიექტური შეგრძნებები ამათუიმ მოწყობილობის მიმოხილივისას. ჩვენ კი (რასაკვირველია ჩემს თავზე არ ვსაუბრობ მრავლობითში, არამედ GeMUG-ის პორტალის ყველა წევრი მოიზარება აქ!) გვსურს საკუთარი გამოცილების გაზიარება ჩვენი მკითხველისათვის. ჩვენი ხედვის გადმოცემა. ქართული რეალიების გათვალისწინებით. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ისევ ისეთივე პატარა სტარტაპი ვართ, როგორც ამ 9 წლის ვიყავით და არ გვაქვს საშუალება ჩვენი ძალებით შევიძნოთ ყველა ახალი გაჯეტი. რა ხდება ესე იგი? ერთი მხრივ გვინდა მიმოვილიხოთ, მეორე მხრივ ამის საშუალება გაძნელებულია. გამოსავალი? გამოსავალი გაგიკვირდებათ და მოიძებნა.

ქართულ ბაზარზე Apple-ის ტექნიკის რეალიზატორი რამდნეიმე კომპანიაა. ზოგიერთი მათგანი უკვე არის ოფიციალური სტატუსის მატარებელი, ზოგი — არა. ზოგიც კი, როგორც კომპანია აიტექნიკსი, ახლა შემოდის ამ ბაზარზე ამ სტატუსით და აქვს სერიოზული ამბიციები არა უბრალოდ იყოს კომპანია Apple-ის კიდევ ერთი რესელერი ამ ბაზარზე, არამედ სწორად შესთავაზოს ეს ტექნიკა იმ ადამიანებს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება და გამოადგება. საუბარია საგანმანათლებლო და კორპორატიულ სფეროზე. აიტექნიკსის სამომავლო პროექტებზე მე კიდევ მოგიყვებით სხვა სტატიებში, დღეს კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ GeMUG-სა და აიტექნიქს შორის იწყება ხანგძლივი და საინტერესო თანამშრომლობის პერიოდი. არა მარტო Apple-ის უახლესი გაჯეტების მიმოხილვის სფეროში (ოოო, გპიდებით, რომ არ მოგაკლებთ დეტალურ მიმოხილვებს როგორც მომავალში გამოსულ სიახლეებზე, ასევე ბაზაზრზე უკვე არსებული ტექნიკის შესახებაც), არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც და ვფიქრობ სწორედ ეს იქნება ის საინტერესო მიმართულება, რაც ამ კომპანიას ლიდერობას მიაკუთვნებს. მოკლედ, როგორც ვატყობ, მოგებული ვრჩებით ყველანი: აიტექნიკსიც, GeMUG-იც და რაც მთავარია ჩვენი პორტალის მკითხველები, რომლებიც პირველები მიიღებენ ყველაზე ციცნხალ, დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას.

მაშ ასე, რაზე გვექნება დღევანდელ სტატიაში საუბარი. ტრადიციულად, ეს არ იქნება უკვე ყბადაღებული და მოსაწყენი ე.წ. „ანბოქსინგი“, ახალი გაჯეტის მახასიათებლების მოსაწყენი ხმით ჩამოთვლით. ამის ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ ბლომად. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს, და სამომავლოდ სხვა სტატიებიც ჩვენ პორტალზე, პირველ რიგში მიმართული იქნება გაჯეტის გამოყენების სუბიექტურ შთაბეჭდილებებზე, დღეს კი კონკრეტულად — iPhone X-ზე. აიტექნიქსისგან ტესტირებისათვის მე მივიღე „კოსმიური ნაცრისფერი“ მოდელი, 64 გბაიტი მეხსიერებით. 2 კვირის განმავლობაში ჩემი ბებრუცანა iPhone 6 ჩაანაცვლა Apple-ის უახლესმა მოდელმა! დავიწყოთ, მაშასადამე!

დიზაინი

რთულია იმ ფაქტის უარყოფა, რომ სმარტფონების ევოლუციამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცოტათი დაგვღალა. პირველი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ ეს დარგი იქცა მართკუთხედად ეკრანით, რომელსაც შორიდან გამოუცდელი კი არა, ხშირად გამოცდილი თვალიც კი ვერ გაარჩევს ერთმანეთისაგან. ეჰ, აბა გაიხსენეთ ის დრო, ნოკია და ძმანი მისნი რომ უშვებდნენ ტეელფონებს:

სერიოზულად, iPhone-ებმაც კი ცოტათი დაგვღალეს თავიანთი ტრადიციულობით. ძნელია ყოველწლიურად რევოლუციის მოხდენა, მაგრამ ერთგვაროვნებაც მოსაწყენია. რის სანაცვლოდ ჩვენ რეალობაში მივიღეთ ჯონი აივის ოცნება რაც შეიძლება თხელი iPhone-ის შესახებ. ახლა, როდესაც მახსენდება 3G/3GS-ის „საპნისებური“ ფორმა, ანდა iPhone 5/5S-ის ლამაზი, მკაფიო და მიმზიდველი პროპორციები, გემოვნების დიდი დაძაბვით iPhone 6/6S/7-ის და ახლა უკვე 8-ის დიზაინს შეგვიძლია ვუწოდოთ მომხიბვლელი, მაგრამ არა ლამაზი. და აი ამ დროს სცენაზე გამოდის iPhone X, რომელმაც ჩემში აღტაცება ჯერ კიდევ პრეზენტაციის დროს გამოიწვია. თუ არ ჩავთვლით არაერთგავროვან „კუნძულს“ ეკრანის ზედა ნაწილში. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. სურათზე, ვიდეოში ნანახი ერთია, რეალობაში, ხელში რომ აიღებ — სულ სხვა. მომენტალურად გინდება მას უწოდო ყველა დროის ულამაზესი iPhone (როგორც მინიმუმ, iPhone 3G/3GS-ის შემდეგ). მე არ ვიცი, რა ქმნის ამ ეფექტს: ეკრანი კორპუსის მთელ ზედაპირზე, თეთრი მოდელის უკანა ხუფის მომნუსხველი სითეთრე და სილამაზე, თუ უჟანგავი ფოლადის წიბო ტელეფონის გარშემო. ვფიქრობ, ამ ყველაფრის კომბინაცია ერთად. როდესაც პირველად ხელში იღებ ამ ტელეფონს, გრძნობ მის ზომებს, წონას, ენით აუწერელი სიამოვნების ჟრუანტელი გივლის. გენანება კიდევაც ეს სილამაზე დამცველ შალითაში რომ მოაქციო, მაგრამ მერე გახსენდება, თუ რა ჯდება ახალი iPhone-ის დამტვრეული ეკრანის და უკანა უფის რემონტი, უსიამოდ შეგაჟრჟოლებს და მიჩანჩალებ შალითის საყიდლად. უნდა გითხრათ, რომ მე მაინც გავრისკე და iPhone X-სთან ურთიერთობის მთელი დროის განმავლობაში შალითის გარეშე დამქონდა აპარატი. სიგიჟეა, გეთანხმებით.

iPhone X-ის ზომებიც ფრიად საინტერესოა. მე ყოველთვის, ყველგან ვამბობდი იმის შესახებ, რომ არ მომწონს ზედმეტად დიდი ზომის მოწყობილობები — მთელი ეს „ფაბლეტები“. რათქმაუნდა, კარგია პორტრეტული რეჟიმი, რომელიც iPhone-ებში პლუს მოდელებს აქვთ, მაგრამ ამხელა მოწყობილობის ჯიბით, მითუმეტეს ხელით თრევა არანაირ სიამოვნებას არ მომანიჭებდა. სწორედ ამიტომ იყო თავის დროზე, 2014 წელს ხელის კანკალიტ რომ ვიყიდე iPhone 6, 4.7 დუიმი ეკრანით. თავიდან მეგონა, რომ გამიჭირდებოდა ამხელა ტელეფონის გამოყენება. მივეჩვიე როგორც იქნა. თუმცა პერიოდულად მაინც მჭირდებოდა მეორე ხელის გამოყენება, ეკრანის ყველაზე მივარდნილ კუთხეებს რომ მივწვდომოდი. iPhone X ფაქტობრივად უფრო დიდია, ვიდრე 4.7 დუიმიანი მოდელი, მაგრამ სულ ოდნავ, განსხვავებით პლუს მოდელებისგან, რომლებიც „ტაფის“ კატეგორიიდან ვერ გამოვლენ ვერასდროს. ამავდროულად მეათე iPhone-ის ეკრანი უფრო დიდია არა მარტო სტანდარტულ iPhone-თან შედარებით, არამედ პლუს მოდელთან შედარებითაც. გასაოცარია. ცალკე მინდა ავღნიშნო მოწყობილობის ჩარჩოები, რომლებზეც Apple იძახის, რომ ისინი პრაქტიკულად არ ჩანან. მოდი ასე ვთქვათ, ბაზარზე არის კონკურენტების მოწყობილობები ნაკლები ჩარჩოების ზომებითაც. მაგრამ ეს ყოველტვის არ არის მოსახერხებელი, როდესაც ტეელფონი როივე ხელით გიჭირავს. iPhone X-ის შემთხვევაში ეკრანისა და ჩარჩოების ზომების თანაფარდობა Apple-ს საკმარისად დაბალანსებული გამოუვიდა. წონის მიხედვითაც iPhone X უფრო მძიმეა, ვიდრე წინა თაობის მოდელი (174 გრამი, 138 გრამის წინააღმდეგ). კარგია, ძალიან კარგი. ბუმბულივით მსუბუქი სმარტფონი ძნელად მოსახმარია. ჩემს iPhone 6-ს საკმაოდ მძიმე ტყავის შალითა აბალანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადად ჩემთვის მისი მოხმარება გაძნელებულია.

ეკრანი

ახლა დეტალურად ეკრანის შესახებ, — მარტო ზომაში ხომ არ არის საქმე. შემთხვევით არ დავასახელე ეკრანი ახალი iPhone X-ის პირველ ფაქტორად, რაც აღტაცებას იწვევს ჩემში. Apple-ის წინა მოდელებში გამოყენებული იყო. ძალიან კარგი ხარისხის LCD-ეკრანები, მაგრამ OLED-ეკრანი iPhone X-ში ნამდვილად აღტაცებას იმსახურებს! დიახ, OLED-ტექნოლოგია Samsung-შია შემუშავებული და კორეული კომპანია აწარმოებს მათ — დიდი მადლობა მათ ამისათვის. მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს ერთი რამ. Apple არ იყენებს უკვე მზა კომპონენტებს, ამიტომ iPhone X-ისათვის გამოიყენება ზუსტად ისეთი ეკრანი, რომელიც ითვალიწინებს Apple-ის სპეციფიკაციებს. ამას კი მივყავართ მომენტამდე, როდესაც DisplayMate-მა სმარტფონების ეკრანებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი iPhone X-ის ეკრანს მიანიჭა.

სუბიექტურად თუ ვისაუბრებთ (და ეს სტატია მთლიანად სუბიექტურ შეგრძნებებზეა დაფუძნებული), iPhone 6-ის ეკრანის შემდეგ iPhone X-ის ეკრანი გატყვევებს თავისი უმაღლესი ხარისხით. შავი ფერი შავია, სხვა ფერები ნორმალური სიკაშკაშიშაა, ყოველგვარი ზედმეტი, არარეალური ფერთა გამის გარეშე. სხვათაშორის, როგორც ეს ხდება Samsung-ის მოდელებში. მაგრამ არც ისეთი სიფერკმთალით, როგორსაც ვხედავთ Pixel 2 XL-ში. რასაკვირველია, მზიან ამინდში გამოსახულება ამ ტიპის ეკრანზე გაცილებით უკეთ ჩანს, ვიდრე LCD-ეკრანზე. HDR-ის მხარდაჭერაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. რასაკვირველია, არაფერია მზის ქვეშ უნაკლო, ამასვე ვიტყვი iPhone X-ზე. კერძოდ, კუთხიდან ეკრანზე დაკვირვებისას გამოსახულება ერთგვარად ლურჯდება, მაგრამ ეს არ არის ისეთი კრიტიკული მომენტი, როდესაც ეკრანს სხვა, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია. ჰო, Apple გვაფრთხილებს, რომ დროთა განმავლობაში OLED-ეკრანზე ცალკეული პიქსელები ამოიწვება. მაგრამ ეს მხოლოდ iPhone X-ისთვის არ არის დამახასიათებელი. Apple-მა თავის უახლოეს სმარტფონში ეკრანის ქრობის დრო 30 წამზე დააყენა და მეც გირჩევთ ამ ნიშნულზე დატოვოთ ეს პარამეტრი (Settings > Display & Brightness > Auto-Lock). კიდევ ერთხელ, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში რომ მოხდეს ცალკეული პიქსელების ამოწვა, სხვა აპლიკაციების ფონზე ეს დიდად არ გამოჩნდება და ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ დაინახოთ.

ეკრანის ე.წ. „კუნძული“

ვინაიდან ეს სრულიად ახალი ელემენტია Apple-ის უახლეს სმარტფონში, არ შეიძება მას ცალკე თავი არ მივუძღვნათ. მითუმეტეს, რომ iPhone X-ში ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა სწორედ ამ ელემენტმა გამოიწვია. ჯერ ერთი, ეკრანის თავში ეს სივრცე ტექნოლოგიური ღრმულია, მაგრამ თუ iPhone X-ზე გადაღებულ ეკრანულ სურათებს დავაკვირდებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთგვარი ხუფია ეკრანის ზემოდან. სწორედ ამიტომ „სქრინშოტები“ ამ ამოჭრილი სივრცის გარეშე რენდერდება.

რასაკვირველია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ სანამ ტელეფონის გამოყენებას დავიწყებდი, სასტიკად არ მომწონდა ეს „კუნძული“. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც რომელიმე აპლიკაცია არ არის ოპტიმიზირებული ამისათვის. მაგრამ ყოველდღიურმა გამოყენებამ სრულიად გამიქარწყლა პირველადი შთაბეჭდილება. „კუნძულს“ ეჩვევი სულ რამდენიმე საათში და საბოლოოდ ვეღარც ამჩნევ. მითუმეტეს, რომ ეკრანი დიდია, მასზე შიგთავსის დიდი ოდენობა ეტევა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც ტეელფონი შვეულად გიჭირავს.

თარაზულად ტელეფონს მხოლოდ ვიდეოს საყურებლად ვიყენებ (სხვა, ე.წ. „ქეისი“ პირად პრაქტიკაში არ მახსენდება). YouTube-ზე ვიდეო თავდაპირველად ვერტიკალური, შავი კიდეებით ჩანს. ეკრანზე ორი თითით ჟესტის შემდეგ ის ბოლომდე იშლება და „კუნძული“ გარკვეულად ფარავს ვიდეოს. მაგრამ მერწმუნეთ, საერთოდ არ არის ეს პრობლემა.

მე სრულიად ვაცნობიერებ თანამედროვე ტექნოლოგიების შეზღუდვებს, რომელმაც საშუალება არ მისცა Apple-ს დაემალა კამერები და სენსორები ეკრანის ქვეშ. სამომავლოდ დარწმუნებული ვარ, რომ Apple აუცილებლად გამოასწორებს ამ მომენტს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ Apple-მა გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს „კუნძული“, როგორც მარკეტინგული სვლა ახალ iPhone X-ში — შორიდანაც ჩანს, რომ ეს iPhone-ია და არა რომელიმე სხვა კომპანიის აპარატი. სქემატურადაც კარგად გამოვიდა: თუ ადრე მართკუთხა ტელეფონი ეკრანის ქვემოთ მრგვალი ღილაკით ცალსახად ნიშნავდა, რომ თქვენს წინაშე iPhone-ია, ამიერიდან მართკუთხა ტელეფონი „კუნძულით“ მკაფიოდ გვეტყვის, რომ ეს iPhone X-ია.

თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვუდგებოდი ტეელფონის ამ ელემენტს. ვფიქრობდი, შემიშლის თუ არა ის ხელს ყოველდღიური გამოყენებისას, ან რამდენად შემიშლის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არათუ არ მიშლის, საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. ზოგმა შესაძლოა კრტიკული თვალით შეხედოს იმ ფაქტს, რომ მოწყობილობის სტატუსის ზოლში ელემენტების რაოდენობა შემცირდა (ეს ზემოთ რომ არის განთავსებული, მობილური ოპერატორის დასახელება, აკუმლატორის ხატულა პროცენტებითურთ და ა.შ.). დარწმუნებული ვარ, ამას განსაკუტრებით აღნიშნავენ ანდროიდის ფანები, რომლებსაც ბლომად უყვართ ამ ზოლში სხვადასხვა ხატულების განთავსება. iPhone X-ის სტატუსის ზოლის მინიმალიზმი მათში ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. პირადად მე მხოლოდ მინიმალიზმის მომხმრე ვარ. თუ მაინც გსურთ მეტი ინდიკატორი — გადადით მართვის ცენტრში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდან თითის ჩამოსრილებით ეკრანზე და მიიღებთ ყველა საჭირო ინდიკატორს, მათ შორის, აკუმლატორის მუხტის მაჩვენებელსაც, რომელზეც ამდენი წიოკი იყო ქსელში. არადა, ჩემია ზრით ასე უფრო ჯობია.

Face ID

ვფიქრობ, ეს არის iPhone X-ის ყველაზე ძლიერი და ამავდროულად ყველაზე ნედლი სიახლე. ახლავე აგიხსნით. კი, Face ID მართლაც ძალიან კარგი რამეა მოწყობილობასთან მუშაობის პრინციპების ცვლილების თვალსაზრისით. მისი წყალობით მომხმარებელი იღებს სრულიად ახალ გამოცდილებას, როდესაც ტექნოლოგია უკანა პლანზე გადადის და უზრუნველყოფს ფუქნციის მუშაობას იმ სახით, რომ მომხმარებელი მას ფაქტობრივად ვერ ამჩნევს. როდესაც საჭიროა ტელეფონის განბლოკვა, მე უბრალოდ მას ხელში ვიღებ ისე, რომ ეკრანი დავინახო, ამ დროს TrueDepth-კამერა უკვე ახდენს ჩემი სახის დასკანერებას. პარალელურად ვახდენ თითის ეკრანის ქვედა ბოლოდან ზემოთ ასმის ჟესტს და იმ მომენტისათვის, როდესაც მინდა რაიმე გავაკეთო ჩემს ტეელფონში, Face ID-ის უკვე ამოცნობილი აქვს ჩემი სახე, ეკრანი განბლოკილია და მთავარი ეკრანი გახსნილია. ეს ხდება სწრაფად და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეუჩნევლად. იდეალური სამომხმარებლო ურთიერთქმედებაა, ჩემი აზრით. ზუსტად იგივე ეხება აპლიკაციებს, რომლებსაც აქვთ Face ID-ის მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა კი უკვე აქვს ყველა აპლიაკციას, სადაც თავის დროზე დეველოპერებმა ჩადეს Touch ID-ის მხარდაჭერა. იგივე ეხება საიტებს, რომელთა მომხმარებლის სახელი და პაროლი ჩაწერილია Keychain Access-ში — არაფრის გაკეთება არაა საჭირო, უბრალოდ საჭირო დროს აპლიკაცია ან ბრაუზერი გიჩვენებთ, რომ ხდება სახის ამოცნობა Face ID-ის მეშვეობით და, Boom! — აპლიკაცია განიბლოკება, ხოლო საიტი შევა საჭირო მისამართზე:

არაჩვეულებრივად მარტივი და გასაგები ხდება დამწყები მომხმარებლისთვისაც კი. შედეგად, როდესაც მომიწია ჩემს ბებრუცანა iPhone 6-ზე დაბრუნება, განვიცდი გარკვეულ დისკომფორტს ყოველ დროს, როდესაც მიწევს თითის ანაბეჭდის გამოყენება აპლიკაციის განსაბლოკად. ცალკე აღნიშვნის ღირსია მომენტი, როდესაც დაბლოკილი ტეელფონის ეკრანზე შეტყობინებებია გამოსული და უბრალოდ შეხედვით ხდება ამ შეტყობინებების ნახვა. ძალიან მოსახერხებელია, ძალიან.

მაგრამ, აი ეს ყველაფერი რომ ყოველთვის და იდეალურად რომ მუშაობდეს, საერთოდ გადასარევი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ არაიდეალურ სამყაროში, ამიტომ Face ID-ის მუშაობასთან მაქვს რამოდენიმე შენიშვნა:

  • Face ID არ მუშაობს, თუ ტელეფონი ჰორიზონტალურად გიჭირავთ. ამჟამად კამერა ოპტიმიზირებულია ვერტიკალურ რეჟიმზე, მაგრამ მინდა რომ რაგინდარა პოზიციიდან ხდებოდეს სახის ამოცნობა;
  • Face ID-ის მუშაობასთან მაქვს შენიშვნები, როდესაც მოწყობილობა დევს ჰოსრიზონტალურ ზედაპირზე (მაგიდაზე, მაგალითად). მომხმარებელი უნდა დაიხაროს და მკაფიოდ აჩვენოს სახე კამერას, ისე ვერ გებულობს, რა გვინდა მისგან;
  • მხარდაჭერილია მხოლოდ ერთი მომხმარებლის სახე. ამ ეტაპზე ნეიროქსელს შეუძლია მხოლოდ იმის დადასტურება, ემთხვევა თუ არა მომხმარებლის სახე მის მათემატიკურ მოდელს, რომელიც Secure Enclave-ში ინახება. მაგრამ მას არ შეუძლია ერთი მომხმარებლის მეორისაგან გარჩევა;
  • მუშაობის სისწრაფის თვალსაზრისით, თუ დროს დავინიშნავთ, დავინახავთ, რომ Face ID უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე Touch ID. მაგრამ მეორე თაობის Touch ID-ზეა საუბარი. ჩემს iPhone 6-ში ის პირველი თაობისაა, რომელიც უფრო ნელია, ვიდრე Face ID;
  • ხანდახან ანბლოკვის ეს მეთოდი არ მუშაობს კაშკაშა მზის შუქზე, სულერთია მზე სახეში გიყურებთ, თუ პირიქით.

მაგრამ საბოლოო ჯამში მე აღფრთოვანებული ვარ Face ID-ის მუშაობით და იმით, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია: ქუდით, წვერებში, სათვალეებით, სულერთია, სენსორი მაინც გიცნობთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple-მა ამ პაწაწკინტელა სივრცეში ერთი მთლიანი Microsoft Kinect ჩატია, უფრო მეტად მემატება პატივისცემის შეგრძნება Apple-ის ინჟინრების მიმართ. ამის გარდა, უსაფრთხოება, რაც მთავარია — სახის მათემატიკური მოდელი უსაფრთხოდ ინახება დაშიფრული სახით მოწყობილობაში და არ ტოვებს მის ფარგლებს. მე ვფიქრობ, რომ Apple-ს დიდი გეგმები აქვს TrueDepth-კამერაზე და ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ აისბერგის ზედა მხარეს ვხედავთ. სამომავლოდ ნახეთ, რებს იზამენ!

ნავიგაცია სისტემაში

Touch ID-ზე და Home-ღილაკზე უარის თქმის გარდა არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მოწყობილობასთან მუშაობის ცვლილების მომენტები. Home-ღილაკი ამ 10 წლის განმავლობაში გახდა ის, რა სახელიც ქვია — სახლი, პირველი მაშველი, სადაც მომხმარებელი ბრუნდებოდა კვლავ და კვლავ. ვინაიდან ნავიგაცია მთლიანად აწყობილი იყო ამ ღილაკის გარშემო. ცოტათი ვღელავდი იმის გამო, როგორ შევეგუებოდი ამ ღილაკის არარსებობას, როგორ შევძლებდი რომელიმე აპლიკაციიდან კვლავ მთავარ ეკრანზე დაბრუნებას, ანდა აპლიკაციებს შორის გადართვას მის გარეშე. მაგრამ ეს ძალიანადვილი აღმოჩნდა და თანაც ბუნებრივი. მაგალითად, ეკრანული სურათების გადაღება უფრო ადვილია, თუნდაც ცალი ხელით.

აი გაშვებული აპლიკაციების მეხსიერებდან გამოდევნა ჩემი აზრით უფრო გართულდა. რა იყო ადრე ამისათვის საჭირო? Home ღილაკზე ორჯერ დაჭერა და არასასურველი აპლიკაციების თითის ზემოთ მოძრაობოთ დასრულება. მორჩა. ახლა კი ეკრანზე თითი უნდა აუსვათ ქვემოდან ზემოთ დაახლოებით ეკრანის მესამედზე. გამოჩნდება გაშვებული აპლიაკციების სია. ოდნავ დიდხანს დაჭერით რომელიმე აპლიკაციაზე დახურვის რეჟიმის გააქტიურება და მერე ორი გზა გაქვთ: ან კვლავ თითის ზევით მოძრაობით გამორთვა, ან აპლიკაციების ზედა მარხენა კუთხეში გამოსულ წითელ მინუსზე დაჭერა. როგორც ამბობენ, Apple-მა ეს სპეციალურად გააკეთა, რომ გადააჩვიოს მომხმარებელი ძველ წესს და სერთოდ არ გათიშონ აპლიკაციები. ამის გარდა, ძველი მეთოდით შეგეძლოთ შემთხვევით დაგეხურათ საჭირო აპლიკაცია იმ დროს, როდესაც ეს სულ არ არის საჭირო.

კამერა

კამერისა და ფოტოების ხარისხზე ჩვენ შეგვიძლია გულის წასვლამდე ვიდავოთ. ყველა თანამედროვე ფლაგმანური სმარტფონის კამერა საკმარისად კარგია — Samsung Note 8, iPhone 8, iPhone X და Pixel 2. ნებისმიერში. და კამათი კონკრეტული აპარატის მიერ გადაღებული ფოტოების ხარისხზე როგორც წესი ძალიან მარტივად გადადის საღვთო ომებში და დროის უაზრო ხარჯვაში.

მე პირადად ჩემი მეუღლის iPhone 7-ის კამერაც სრულიად მაკმაყოფილებს, რამე რომ იყოს. ბოლო-ბოლო, საუკეთესო კამერა არის ის, როელიც მუდმივად შენთანაა — ტელეფონი ყველას თან გვაქვს. რასაკვირველია, iPhone X-ში გადაღებული ჩვეულებრივი ფოტოები გაცილებით უკეთესია, ვიდრე iPhone 7-ით გადაღებული. მაგრამ ახალი მოდელის ძირითადი მომენტია გადაღების ახალი სტილი, პორტრეტული რეჟიმი განათების მორგებით. აი, სად შეიძლება ფანტაზიის გავრცობა! გასაკვირი არ არის, რომ სანამ მეათე iPhone მქონდა, ძირითადად პორტრეტულ ფოტოებს ვიღებდი.

თუმცა, აქაც არის გარკვეული ხარვეზები. ჯერ ერთი, პორტრეტული რეჯიმის ფოტოები აშკარად უფრო ცუდად გამოდის ჭაღარა ადამიანებზე. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული ხარვეზია, ვინაიდან მეც ჭაღარა თმები მაქვს და ბევრი ფოტო გამიფუჭდა ამის გამო. სამაგიეროდ ახალგზარდა ადამიანებზე ეს პრობლემა მოხსნილია, აგრეთვე სრულიად მელოტ ადამიანებზეც! აშკარად, ადგილი აქვს ეიჯიზმის გამოვლინებას Apple-ის მხრიდან (ეს ხუმრობით, რასაკვირველია). ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ალგორითმი უფრო დაიხვეწება და ეს პრობლემაც ჩაბარდება წარსულს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რეჟიმი ჯერ ბეტა-ვერსიაშია და ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ.

აკუმლატორი

ცხადია, როდესაც დროში ხარ შებოჭილი და აპარატი მხოლოდ გარკვეული დროით გაქვს მიღებული, ცდილობ რაც შეიძლება ბევრი მოასწრო. არც მე ვიყავი გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ iPhone X ორი კვირა მქონდა, ეს მაინც ორი კვირაა. ამიტომ ვეცადე ტეელფონი უმოწყალოდ დამეტვირთვა აკუმალტორის დაცლის თვალსაზრისით.

ჰოდა მოგახსენებთ სრული პასუხისმგებლობით — მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როდესაც მე დამჭირდა ძირითად დატენვებს შორის დამატებით აკუმლატორის დატენვა. ანუ, ყოველ საღამოს, სახლში, ძილის წინ მე ვრთავდი ტეელფონს დამტენში, ამყავდა 100%-ზე და ვთიშავდი დამტენს. ჩართული მქონდა ყველა შეტყობინება, ყველა აპლიკაციას ჩართული ჰქონდა შიგთავსის ფონურ რეჟიმში განახლების ფუნქცია და ლოკაციის სერვისებში ასევე ყველაფერი მქონდა ჩართული. შედეგად, არასდროს საღამოს სახლში 40%-ზე ნაკლები მუხტით არ მიმტანია ტელეფონი. იყო ერთი განსაკუთრებული დღე, როდესაც სამსახურში რამდენიმე საათის განამვლობაში ინტენსიურ რეჟიმში დამჭირდა მობილური ქსელით ვიდეო-სტრიმინგის კონტროლი. ჩემი ბებრუცანა iPhone უკვე დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა. iPhone X სახლში 15% მუხტით მივიტანე.

მოკლედ და კონკრეტულად: iPhone X-ის აკუმლატორი შესანიშნავად მუშაობს! წერტილი.

დასკვნა

ჯერ კიდევ პრეზენტაციის ყურებისას მე გამიჩნდა შეგგრძნება, iPhone 6-ის გამოსვლიდან პირველად, რომ მე მინდა ამ ტელეფონის ყიდვა. იმდეანად კარგი რამ ჩანდა. რეალობაში, ამ მოწყობილობის ყოველდღიურად გამოყენების რეჟიმში მე ვხვდები, რომ Apple საკუთარ თავზე უფრო მაღლა ახტა და მართლაც შესანიშნავი აპარატი გამოუშვა. რასაკვირველია, Apple ყოველ ღონისძებაზე აცხადებს, რომ ეს — „საუკეთესო iPhone-ია“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე სრულიად ვეთანხები კუპერტინოს. იდეალურია? რასაკვირველია არა, იდეალური მოწყობილობები არ არსებობს. მაგრამ, სანამ მავანი ელოდება იდეალურ სმარტფონს, ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ამ მოწყობილობის შესაძლებლობებით, რომლებიც იდეალურთან საკმარისად მიახლოებულია.

პ.ს. სტივის სული კვლავ ტრიალებს ამ კომპანიაში. ახლა მე ამაში დარწმუნებული ვარ!

Comments

comments

1 Comment

Leave a Response

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer…