Apple-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლოდ და პოლიტიკურად მიიჩნია. როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. გამოძიების მიხედვით, Apple ირლანდიაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, რის გამოც კონკურენტებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდა.
ირლანდიურ ტელეკომოპანია RTE-სთან საუბრისას ტიმ კუკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება Apple-ის დაჯარიმებასთან დაკავშირებით მისი კომპანიის სასარგებლოდ იქნება გადახედილი. „ჩვენ, ისევე როგორც ირლანდიის ხელისუფლებას, უკანონო არაფერი ჩაგვიდენია” – აღნიშნა მან. BBC-ის ინფორმაციით, Apple მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ევროკომისიის ანგარიშს ეჭვქვეშ აყენებს.
სამწლიანი გამოძიების შედეგად ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით ირლანდიის მთავრობამ 1991-2014 წლებში Apple-ს გარკვეული გასადასახადო შეღავათები დაუწესა. ევროკავშირის კანონმდებლობით კი სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, მათ რჩეულ კომპანიებს დამატებითი შეღავათები დაუწესონ, რაც ბაზარზე არაკონკურენტუნარიან ამინდს ქმნის.
უკანასკნელ წლებში ევროკომისიამ გადასახადების თავის ამრიდებ კომპანიებთან ბრძოლა დაიწყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამერიკულ კომპანიებს, თუმცა აქამდე ისეთი დიდი მოცულობის ჯარიმასთან საქმე არ მისულა, როგორც ეს Apple-ის შემთხვევაში მოხდა. 2015 წელს Starbucks Corp.-ს ჰოლანდიის მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწია, მიმდინარე წლის იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ბელგიის მთავრობა 35 კომპანიისგან (მათ შორის არიან BP და Anheuser-Busche InBev) 700 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს.
წყარო: commersant.ge