ინდოეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ Apple ინდოეთში მაღაზიების გახსნას იმ შემთხვევაში შეძლებს თუ სამუშაო ადგილებს შექმნის. არუნ ჯაიტლეი CNBC–სთან აცხადებს, რომ უცხოურმა კომპანიებმა ინდოეთში თავისი პროდუქცია თავისუფლად შეიძლება გაყიდონ, თუმცა ამისათვის ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო.
“Apple-ის მოგება ჩინურ ბაზარზე მზარდი აღარ არის. სწორედ ამიტომ, კომპანიას სურს, თავი ინდოეთში დაიმკვიდროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ინდოეთის მთავრობას ეკუთვნის. იმ შემთხვევაში, თუკი Apple ინდოეთის მთავრობის მთავარ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, კონსენსუსი მიღწეული იქნება. როდესაც ნებისმიერი კომპანია ასეთი მასშტაბის ბაზარზე შემოდის, ცხადია სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენს ინტერესებში შედის. რატომ უნდა დავრთოთ უფლება უცხოურ კომპანიას, გაყიდოს თავისი პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში ისე, რომ ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ადგილები არ შექმნას?” – აღნიშნა ჯაიტლეიმ.
ამ ეტაპზე Apple თავის პროდუქციას ინდოეთში დისტრიბუტორების მეშვეობით ყიდის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ქვეყანაში მომავალი აპლიკაციების დამამზადებლების ხელშეწყობისათვის iOS დეველოპერული ცენტრი გახსნა.
წყარო: commersant.ge