Apple-მა კალიფორნიაში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე შედარებით მცირე ზომის iPhone SE დაანონსა, რომელსაც 4 დიუმიანი ეკრანი და ყველა ფლაგმანზე იაფი ფასი ექნება.
როგორც ღონისძიებაზე ტიმ კუკმა განაცხადა iPhone SE აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერით და Apple Pay-ს გამოყენების უფრო გამარტივებული შესაძლებლობით. სმარტფონის 16გბ-იანი ვერსია $399 ეღირება, რაც iPhone 5S-ის ახლანდელ ფასზე $50 დოლარით იაფია.
სანამ Silicon Valley-ის გიგანტი თავისი მოწყობილობების ხაზის განახლებებს წარმოადგენდა, კომპანიის აღმასრულებელმა ტიმ კუკმა iPhone-ების შიფრაციის თაობაზე ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ კომპანიის პოზიცია დაიცვა.
„ჩვენ, როგორც საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ძალა აქვს მთავრობას ჩვენს მონაცემებსა და კონფიდენციალურობაზე. ეს არის შემთხვევა, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე გავლენას ახდენს, ამიტომ ვერ გავექცევით ჩვენს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კუკმა.
გარდა სმარტფონისა, ღონისძიებაზე Apple-მა, ასევე, წარმოადგინა მცირე ზომის, 9.7-დიუმიანი iPad Pro, რითიც ისევ დაუბრუნდა თავის წინანდელ, 2014 წლის ზომებს.
„აშკარაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს Apple-ის კონკრეტული მომხმარებელი, რომელსაც მცირე ზომის სმარტფონი მოსწონს“, – განაცხადა დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტოს, Jackdaw Research-ის მთავარმა ანალიტიკოსმა ჯენ დოუსონმა.
კომპანიის აღმასრულებელმაც დაადასტურა, რომ წინა წელს 30 მილიონი 4 დიუმიანი iPhone გაიყიდა და მომხმარებელი მუდმივად მოითხოვდა ამ ზომის სმარტფონის განახლებულ მოდელს.
ორშაბათს გამართულ ღონისძიებაზე, Apple-მა სრულიად ახალი რობოტის სისტემა, Liam-იც წარმოადგინა, რომელიც დაშლის გაფუჭებულ iPhone-ებს და მათგან ამოიღებს ხელახალი გადამუშავებისთვის ვარგის ნივთიერებას, როგორიც არის ვერცხლი და ვოლფრამი.
ეს მოწყობილობა იმ კრიტიკის წინააღმდეგ შეიქმნა, რომელიც ამტკიცებს, რომ Apple-ის პროდუქცია გარეგნულად იმდენად თხელი და დახვეწილია, რომ მათი დაშლა, კომპონენტების ერთმანეთისგან გამორჩევა, გადამუშავება და ხელახალი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
Liam-ზე მუშაობა, დაახლოებით, 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს სისტემა, თავდაპირველად, iPhone 6-თვის ამუშავდება და კომპანია თანდათან მის მოდიფიკაციას და სხვა მოწყობილობებზე ამუშავებას ეცდება. სისტემა წინა თვეში გაეშვა. იგი 11 წამში ამუშავებს iPhone 6-ს და აღადგენს ალუმინის, სპილენძის, კალის, ვოლფრამის, კობალტის, ოქროსა და ვერცხლის ნაწილებს.
წყარო: http://www.reuters.com/