ამ სტატიის დაწერის კატალიზატორი კარგა ხნის წინ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, MacHEADs გახდა. ფილმში, რომლის სათაურითაც უკვე შესაძლებელია მისი შინაარსის გამოცნობა, მოთხრობილია „Apple-ის კულტის“ სხვადასხვა ფანატებზე და მიმდევრებზე. ფილმი მოგივთხრობს ამ მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, როდესაც მაკი მხოლოდ გამოჩნდა ბაზარზე, 90-იანი წლების რთულ პერიოდზე, როდესაც კომპანიას საქმეები ცუდად მისდიოდა და დღევანდელობაზეც.
თვითონ ფილმი საკმაოდ საინტერესო საყურებელია, პროველ რიგში ამ საკითხისადმი მრავალწახნაგოვანი მიდგომის გამო. ფილმში წარმოდგენილია სხვადასხვა ადამიანების მოსაზრება, Apple-ის თანამშრომლებით დაწყებული, სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტებით დამთავრებული. მაგრამ ფილმში ასევე ნაჩვენებია მაკ-მოძრაობის დემოგრაფიის არცთუ ისე სასიამოვნო ჭრილი, კერძოდ — მაკ-გიკები.
და აი, ფილმის ყურებამ მიბიძგა ბოლო-ბოლო ამ თემაზეც დამეწერა. პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ფილმში სრულიად უცნაური ადამიანი არიან წარმოდგენილი, რომლებიც რუდუნებით შეარჩიეს ავტორებმა: ასაკოვანი, ჭარბწონიანი ბიძიები, ვაშლის სვირინგებით სხეულის სხვადასხვა ადგილას, ჰიპები, რომლებიც დღემდე ავტობუსში ცხოვრობენ და ეფლის ტექნიკის გამოფენა საკუთარ ფერმაში აქვთ მოწყობილი, და ა.შ და ა.შ.
ასევე ყურადღება უნდა მიქეცეს მაკ-მოყვარულტა ასაკს. აშშ-ში სრულიად თავისუფლად ნახავთ 40-50 წლის ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა MUG-ების (Macintosh User Group) წევრები არიან, აქტიურად დადიან სხვადასხვა გამოფენებზე, დგანან ახალი პროდუქტების რიგებში და ა.შ.
ჩვენთან (იგულისხმება საქართველო) ეფლის პროდუქციის მომხმარებელთა ასაკი გაცილებით დაბალია. გასაკვირიც არაა. ეფლის ტექნიკის შემოსვლა საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო, თუმცა იმდენად მცირე ოდენობით, რომ კომპიუტერული პარკის პროცენტულ მონაცემებში ცდომილების დონეზე რჩებოდა დიდხანს. რეალურად, ნულოვანი წლების ბოლოდან, როდესაც სცენაზე პირველი თაობის აიფონი გამოჩნდა, დაიწყო ეფლის წლის ზრდა ჩვენთან. და რასაკვირველია დაიწყო ადამი���ნების ამ გაერთიანების ჯგუფებად დაყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ მკაფიო საზღვრები ჯგუფებს შორის მაინც არ არსებობს, გარკვეული გადაფარვა მაინც ხდება მათ შორის.
„ბებრები“
პირველ რიგში ამ ჯგუფს განეკუთვნებიან სხვადასხვა დიზაინერები და სხვა ადამიანები, რომლებიც საგამომცემლო საქმინობით იყვენენ/არიან დაკავებული და რომლებმაც მაკებით სარგებლობა 90-იან წლებში დაიწყეს. მაშინ მაკები რეალურად მხოლოდ ამისათვის თუ ვარგოდა, თანაც ალიან ძვირი ღირდა. როგორც წესი, ეს ჯგუფი ძალიან კარგად ერკვევა ტექნიკურ დეტალებში — მრავალწლიანი გამოცდილება თავისას შვრება. „ბებრები“ შემწყნარებლურად არიან დამოკიდებული ყველა ახალ მომხმარებელთან, ძალიან უყვართ ტექნიკა PowerPC პროცესორით და ხშირად საღამოობით Mac OS 9-საც ამოქოქავენ ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ ამოოხვრით გაიხსენონ „თუ რა ქვეყანა დაანგრიეს“.
„გლამურული გოგონები“
მომხმარებელთა ნაწილი, ძიირთადში — საკამოდ ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებიც ეფლის ტექნიკას იმიტომ ყიდულობენ, რომ ეს „მოდურია“. ისინი ვერ ერკვევიან ტექნიკაში, მაგრამ დარმწუნებული არიან, რომ „ეფლი — მაგარია“, პირზე ქაფმომდგარი დაიცავენ თავიანთ თვალსაზრისს და ამ დროს პირველ რიგში ეფუძიაბიან ემოციებზე და სუბიექტურ მომენტებზე და არა ფაქტებზე. ცოდნის მატებასთან ერთად შესაძლოა გადავიდნენ ნორმალური მომხმარებლების ჯგუფში, თუ მანამდე არ გახდნენ რომელიმე ახალი ტრენდის მსხვერპლნი, მაგალითად სამსუნგის.
„სვიჩერები“
საკამოდ დიდი ჯგუფია, რომელიც დაახლოებით ბოლო 4-5 წელია რაც ჩამოყალიბდა, პირველ რიგში იმის დამსახურებით, რომ ეფლის ინტელის პროცესორებზე გადავიდა. მომხმარებელი, რომლიც დაიღალა Windows-ისგან (სხვადასხვა მიზეზის გამო), მაინც არ არის მზად ბოლომდე დაწვას ყველა ხიდი, რომელიც მას ამ საოპერაციო სისტემასთან აკავშირებს. და აი აქ ჰორიზონტზე მიმზიდველი წინადადება იხატება: შესაძლებელია Windows-ის დაყენება მაკ-კომპიუტერზე. თუ რამეა, მათ ყოველთვის შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მხოლოდ ერთეულები თუ ბრუნდებიან უკან Windows-ზე. ხშირად „სვიჩერებს“ ახასიათებთ სრულიად საპირსიპირო მიდგომა საკითხისადმი. ზოგს სურს, რომ მაკი Windows-ს დაემსგავსოს და ტანჯავენ „ბებრებს“ კითხვებით: „Windowsz-ზე ასე მქონდა, როგორ გავაკეთო ზუსტად ისევე მაკზე?“ სხვები პირიქით, ყველაფერს რაც ვინდოუსთან იყო ადრე დაკავშირებული, უკუაგდებს და ცდილობს უფრო „მაკური“ გახდეს, ამიტომ ისინი თავს ესხმიან პირველ ჯგუფს: „ეს ხომ მაკია! ამიტომ არც კი გაბედო აქ გადმოათრიო შენი ვინდოუსური ჩვევები!“
„სვიჩერების“ ცალკე ქვე-ჯგუფია „იუნიკსოიდები“ — ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია სარგებლობენ Unix/Linux სისტემებით და გადაწყვიტეს მაკზე მიგრირება. Intel-ის პროცესორებზე გადასვლის შემდეგ ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზარდა, ვინაიდან მაკ-კომპიუტერზე ამიერიდან ნებისმიერი სისტემის დაყენებაა შესაძლებელი. ამ ჯგუფის წევრები კონსოლის დიდი მოყვარულები არიან, გრაფიკულ ინტერფეისს დიდად არ წყალობენ, თუმცა არ დაგზარდებიან რჩევის მოცემაში, თუ როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ამოცანა კონსოლის მეშვეობით.
ჩვეულებრივი მომხმარებლები
პრინციპში, დასახლებით ყველაფერი ნათქვამია — ეს არიან ადამიანები, რომლებიც მაკებით დიდი ხანია სარგებლობენ, ან არც თუ ისე , გადმოსულები არიან Windows-იდან, ან სხვა საოპერაციო სისტემიდან, მაგრამ მათი ყველაზე დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მაკის მომხმარებელთა შორის მათი ოდენობა ყველაზე მაღალია.
ისინი უბრალოდ სარგებლობენ მაკით, იმიტომ რომ ეს მოსახერხებელია, აგრესიის გარეშე ეპყრობიან Windows-ის მომხმარებელბს და არ იყენებენ აგრესიულ მეთოდებს საკუთარი მოსაზრების გასავრცელებლად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაკ-მომმხარებელთა გარკვეული ნაწილი აკავშირებს კომპანიის პროდუქტებს უშულოდ კომპანიასთან და გატაცება კომპანია Apple-ზე გადააქვს. ეს ადამიანები ატარებენ მაისურებს სტივ ჯობსის გამოსახულებით, ეთაყვანებიან კორპორაცია Apple-ს და ოსანას უგალობენ სტივს. გვერდიდან ეს ძალიან სასაცილოდ ჩანს, ვინაიდან მათ ავიწყდებათ, რომ Apple Inc. — მხოლოდ კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანი ფულის შოვნაა. ისევე როგორც Google-სათვის და Microsoft-ისათვის.
რასაკვირველია, დეკლარირებულია სხვადასხვა ლოზუნგები, „გავაუმჯობესოთ სამყარო“ და ა.შ., კომპანია უშვებს საიმედო პროდუქტებს, როგორც პროგრამულს, ასევე აპარატურულს, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში კომპანიის აქციონერები იყვნენ ბედნიერი. ისინი კი ბედნიერები მაშინ არიან, როცა აქციების ფასი და მასთან ერთად მოგებაც მატულობს. კომპანიის იმიჯი PR-სამსახურის მიერ არის საგანგებოდ შემუშავებული, ხოლო სტივ ჯობსი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აუტანელი იყო სამუშაო გარემოში. სამწუხაროდ, ფანატები, რომლებიც ბრმად ეთაყვანებიან რომელიმე კომპანიას (მნიშვენლობა არა აქვს, ეს იქნება Apple, Google, Microsoft, თუ რომელიმე სხვა), ამას ვერ ამჩნევენ.
როსთვის დავწერე ამდენი რამ, მკითხავთ ალბათ. სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენან არსებობს მაკის მომხმარებლების მიმართ, მაკის კულტის მიმართ. სამწუხაროდ, მაკ-მომხმარებელთა მცირე ნაწილი სწორედ თავისი ქცევით წარმოქნის ნეგატიურ იმიჯს, რომელიც ყველა დანარჩენ მაკ-მომხმარებელზეც ვრცელდება ავტომატურად. და რაც ხშირად ზიზღს იწვევს სხვა პლათფორმების მომხმარებლებში, რომლებსაც შესაძლოა სურთ გასინჯონ მაკი რა ხილია, მაგრამ მათ არ სურთ „მაკ-სექტის“ წევრები გახდნენ. საქმეც იმაშია, რომ ეს სრულებით არაა საჭირო, ნორმალური მომხმარებელი გაცილებით მეტია. აი, ამის თქმა მინდოდა ამ სტატიით.