Apple აპირებს ფიჭური კავშირის ვირტუალური ოპერატორი (Mobile Virtual Network Operator) გახდეს და ამჟამად არსებულ ოპერატორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. კომპანია უკვე ტესტავს თავის სერვისს აშშ-ში, მაგრამ ასევე მოლაპარაკებებშია ევროპელ ოპერატორებთან, რათა სერვისი ევროკავშირის ქვეყნებშიც გაუშვას.
Apple-ის ვირტუალური ოპერატორი, აბონენტებს საშუალებას მისცემს თავიანთი ტრადიციული ოპერატორების სერვისებით ისარგებლონ, თუმცა ფულს ისინი Apple-ს გადაუხდიან. გარდა ამისა, Apple-ის სპეციალური სიმ-ბარათი, მომხმარებელს ერთი ქსელიდან მეორეზე გადართვის საშუალებას მისცემს, რათა საუკეთესო ხარისხის სერვისი მიიღოს.
ამ თემაზე მოლაპარაკებებს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი დიდი ხანია აწარმოებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, სერვისის სრულად გაშვებას დაახლოებით 5 წელი დასჭირდება.