ძვირფასო მკითხველო, Apple-ის მოყვარულო და თანამოაზრევ!
საიტი, სადაც ახლა იმყოფები, Apple-ის სრულისმომცველი პორტალის შექმნის მეორე და იმედია, საბოლოო მცდელობაა. 2011 წელს შევქმენით პირველი ვერსია, თუმცა დაპროექტების სტადიაზე დაშვებული ფუნდამენტური შეცდომის გამო, მისი მართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შემდეგ ჩვენ ის გავაუქმეთ.
გავიდა ხანი.
და დადგა დრო, კვლავ ვცადოთ პორტალის შექმნა (ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ).
რა იქნება აქ? პირველ რიგში, აქ გამოქვეყნდება Apple-ის პროდუქტების სახელმძღვანელო. ჰო, არც მეტი, არც — ნაკლები. ამბიციურად ვაცხადებთ. სახელმძღვანელო სრული, ყოვლის მომცველი და ამომწურავი. რამდენადაც ეს შესაძლებელია მუდმივად ცვალებადი პროდუქტის პირობებში.
კიდევ იქნება მოკლე რჩევები, ამათუიმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ან რაიმე ოინის მოსაწყობად OS X / iOS სისტემებში.
ახალი ამბებიც გვექნება. შეძლებისდაგვარად. ცოცხალი რეპორტაჟებიც Apple-ის ღონისძიებებიდან.
და სტატიების ციკლი Apple-ის, სტივ ჯობსისა და სხვა საკვანძო ფიგურების შესახებ.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ვიწყებთ!