გუშინ ფრიად სასიამოვნო სიახლე გამოჩნდა ქართულ პროგრამულ ბაზარზე. კომპანია Lit.ge-მ გამოუშვა თავისი ბიბლიოთეკის საკითხავი აპლიკაცია iOS-მოწყობილობებისათვის. იოტა IOS-ისთვის საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იკითხოთ Lit.ge-ს წიგნები და პერიოდული გამოცემები Ipad-ზე, Iphone-ზე და Ipod Touch-ზე. თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
მოდი დავიწყოთ შორიდან და მივადევნოთ თვალი Lit.ge-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას. იოტა რიდერი, ელ. მელნიანი ეკრანით შარშან გამოჩნდა ჩვენს ბაზარზე. ეს მოწყობილობა თავის დროზე მეც შევიძინე, თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდად მოხიბლული ვერ დავრჩი. ჩინურ Onyx-ზე დაფუძნებული მოწყობილობა არ გამოირჩეოდა მუშაობის დიდი სისწრაფით და ინტერფეისის მოხერხებულობით. ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ. მოკლედ, საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი და მოწყობილობა თაროზე შემოვდე.
გავიდა ხანი, Lit.ge მიხვდა, რომ აპარატურული მოწყობილობების გაყიდვას, რომლებიც დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ ხარისხით და თანაც მსოფლიო ბრენდებთან კონკურენციას ვერ გაუძლებდნენ, გაცილებით სჯობდა პროგრამული რიდერების გაყიდვა. ცოტა უცნაური იყო პირველ ჯერზე Windows სამგიდე აპლიკაციის გამოშვება. როგორც ცნობილია, კომპიუტერის ეკრანიდან ტექსტის კითხვა დიდად საშური საქმე ვერაა. სიატუაცია გამოასწორა Android-მოწყობილობებისათვის აპლიკაციის გამოშვებამ. მაგრამ ჩემთვის არც ამჯერად გახდა ეს სიახლე საინტერესო. არ ვარ ანდროიდის მომხმარებელი, შესაბამისად მხოლოდ წიგნის წასაკითხად ვერ შევიძენდი მოწყობილობას. ჩემს Apple-სამყაროში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და მინდა, რომ აქაც მქონდეს ქართულენოვანი წიგნების კითხვის საშუალება (უცხო ენებზე იცოცხლე, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს და iPad-ის iBook უკვე კარგადაა შევსებული).
მაგრამ აი დადგა დრო და ჩვენს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული. გუშინ, 11 დეკემბერს Lit.ge-მ გამოიშვა iOS-ის აპლიკაცია. რათქმაუნდა მე არ დავაყოვნე და ყველა ჩემს iOS-მოწყობილობაზე ჩავტვირთე აღნიშნული აპლიკაცია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით: აპლიაკცია იდეალური არ არის, ჯერ კიდევ ბევრია მომენტები, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება დეველოპერებისათვის. მაგრამ პირველი ვერსიის კვალობაზე მომეწონა. მოდი ცოტა უფრო დეტალურად ვნახოთ მისი ფუნქციები.
აპლიკაციის ხატულა პრეტენზიებს არ იწვევს. ვაჭერთ მას და გადავდივართ ავტორიზაციის ეკრანზე, სადაც უნდა ავკრიფოთ ჩვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამ ინფორმაციის სწორად შეყვანის შემთხვევაში გადავდივართ აპლიკაციის მთავარ ეკრანზე.
მთავარ ეკრანზე ვხედავთ უკვე ნაყიდ წიგნებს. აპლიკაციიდან ყიდვის ფუქნცია მე ვერ ვნახე და იმედს ვიტოვებ, რომ დეველოპერები უახლოეს ხანებში შეძლებენ ამ ფუნქციის დამატებას.
ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულ ხრახნის ხატულაზე დაჭერით გამოჩნდება პარამეტრების ფანაჯარა, სადაც შესაძლებელია მხოლოდ ინტერფეისის ენის გადართვა (ქართული, ინგლისური) და მოწყობილობის დეაქტივაცია.
ამავე ფანჯარაში შეგვიძლია წავიკითხოთ ინფორმაცია აპლიკაციის შესახებ.
აპლიკაციის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ძებნის ველი. მასში შეგიძლიათ ჩაწეროთ წიგნის სახელი, ან მისი ნაწილი და უკვე შეძენილი წიგნების სია დაიფილტრება შესაძლო ვარიანტებზე.
პროგრამის ქვედა ზოლში განთავსებულია მთავარი მენიუ. შემდეგი პუნქტებით: „წიგნები“, „პერიოდიკა“, „ავტორები“, „ბოლო“. მარტივი გასაგებია, რომ აღნიშნული მენიუს ელემენტებში განთავსებულია შესაბამისი ტიპის შიგთავსი.
ბოლო პუნქტში განთავსებულია ბოლოს გახსნილი წიგნების სია.
ახლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ კითხვის რეჟიმზე. წიგნის გახსნის შემდეგ ვხედავთ შემდეგ სურათს. მარცხენა ზედა კუთხეში მეორე ხატულა დაგვაბრუნებს წიგნების სიაში.
პირველი ხატულა გადაგვიყვანს წიგნის სარჩევში.
მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულია შრიფტის ზომისა და ტიპის შეცვლის ხატულა, ძებნის ხატულა და სანიშნის დამატების ხატულა.
ძებნის ხატულაზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ძებნის ველი. სიტყვის აკრეფის შემდეგ ძებნა ხორციელდება მთლიანად წიგნის შიგთავსის მიხედვით და შედეგებში გამოდის ყველა მოძებნილი ვარიანტი.
დასკვნა.
აპლიკაცია ზოგადად მომეწონა, გამართულად მუშაობს და არ „იქრეშება“. რაც არ მომეწონა, არის ის, რომ შეუძლებელია წიგნის შეძენა უშუალოდ აპლიკაციიდან. ასევე არ მომწეონა გადაფურცვლის ხარისხი — შემთხვვეითი შეხებებით გვერდები წინ და უკან დახტიან. ჩემი აზრით, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს. დანარჩენში აპლიკაციას სხვა ხარვეზი არა აქვს და თუ თქვენ გიყვართ წიგნების კითხვა და გაქვთ iOS-მოწყობილობა, დაბეჯითებით გირჩევთ რომ დააყენოთ.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!