Apple-ის ბოლო ღონისძიებიდან არც თუ ისე ბევრი დრო გავიდა. ვნებები ჩაცხრა და ახლა მშვიდი გონებით შეგვიძლია მიმოვიხილოთ ის სიახლეები, რაც კომპანიამ შემოგვთავაზა პლანშეტური პროდუქტების მიმართულებით. ღონისძიების მსვლელობისას და მის მერეც აქამდე პირადად მე თავში შემდეგი აზრი მიტრიალებს: „ღმერთო, მინდა ყველა ახალი iPad! უნდა ვიყიდო, მაგრამ ამდენი ფული საიდან მოვიტანო?“. iPad mini-ს შეძენის სურვილი კვლავაც მყარად არის ჩემში და კონკურენტი პლათფორმებისაკენ გხედვის სურვილიც კი არ გამჩენია, მიუხედავად იმისა, რომ ფრიად დეტალურად შევისწავლე როგორც Google-ის, ასევე Microsoft-ის ახალი პროდუქტები.
პირველი პლანშეტის შეძენა
რაც არ უნდა ილაპარაკონ Apple-თ მოძულეებმა, iPad კვლავაც რჩება ყველაზე საინტერესო და ფუქნციონალურ პლანშეტად ბაზარზე. ამის მიზეზი მარტივია — აქსესუარებისა და აპლიკაციების უზარმაზარი არჩევანი, ფრიად განვითარებული ეკოსისტემა. OS X და iOS წყვილში არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, ანუ Mac-მომხმარებლებისათვის iPad ერთადერთი სწორი შენაძენი იქნება.
ახლა, როდესაც მეც და კიდევ ძალიან ბევრმა ჩემსავით ��იიღო გადაწყვეტილება iPad-ის შეძენის თაობაზე, უნდა განვსაზღვროთ, თუ რომელი მოდელი გვჭირდება. თუ თქვენთვის მოწყობილობის კომპაქტურობა მნიშვნელოვანი მომენტია, ჩემსავით გირჩევთ iPad mini-ს შეძენას. მოძულეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ამ ახალი მოწოყბილობის ეკრანის გარჩევადობა სუსტია, ხოლო აპარატურული ნაწილი — მოძველებული, უსაფუძვლოა. და აი რატომ.
თვითმხილველთა განცხადებით, The Verge-ის ჟურნალისტების ჩათვლით, 7.9 დუიმიან ეკრანზე 1024×768 გარჩევადობით, გამოსახულება გაცილებით უფრო მკვეთრია, ვიდრე iPad 2-ის ეკრანზე, რომელიც 9.7 დუიმია. და არ იწვევს არანაირ უარყოფით ემოციებს, თუ შევადარებთ სხვა მწარმოებლების 7 დუიმიან ეკრანებს. საქმე არა მარტო გარჩევადობაშია, არამედ იმაშიც, თუ როგორ არის კონკრეტულ მოწყობილობაში ადაპტირებული ინტერფეისი და შრიფტები. iOS-ში, სხვა მწარმოებლების მოწყობილობებისაგან განსხვავებით, ამ მხრივ პრობლემა არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება, მაგალითად პროცესორს, Apple A5 დღემდე უკეთესი გადაწყვეტილებაა, ვიდრე ის, რაც 7 დუიმიან პლანშეტების უმრავლესობაშია ჩაყენებული. განსაკუთრებით ეს ეხება გრაფიკული წარმადობის საკითხს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ iOS ყველაზე კარგად არის ადაპტირებული კონკრეტული აპარატურული შიგთავსისადმი, მივიღებთ ძალიან მძლავრ და კარგად მომუშავე პლანშეტს.
iPad 4 — ამ ეტაპზე ყველაზე მძლავრი მოწყობილობაა ბაზარზე, რომელთანაც რეალური კონკურენციის გაწევა მხოლოდ მესამე თაობის iPad-ს შეუძლია. თუ პლანშეტი გესაჭიროებათ ინტერნეტში საძრომიალოთ, წიგნების წასაკითხად და ელფოსტის სანახავად, სწორედ დროა, რომ შეიძინოთ iPad 3 შედარებით იაფად. თუ გჭირდებათ უნივერსალური პლანშეტი ნებისმიერი სიმძლავრის ამოცანის გადასაწყვეტად, მაშინ აიღეთ iPad 4.
თუ იმდენად ვერ იტანთ Apple-ის პროდუქტბს, რომ მათი ხსენებისას გფოთლავთ, მაშინ თქვენთვის Android-ზე მომუშავე ტაბლეტი იქნება მისწრება. თუმცა გაითვალისწინეთ გეთაყვა, რომ ამ ოს-ის და კონკრეტული აპარატურული მოწყობილობის ურთიერთქმედება ჯერ კიდევ შორსაა იდეალურისაგან. ჰო, ნუ დაგვავიწყდება Microsoft Surface, მაგრამ თუ მიმოხილველთა და მყიდველთა პირველ შთაბეჭდილებებს გავითვალიწინებთ, ეს პროდუქტი ჯერ ძალიან ნედლია და მისი შეძენა ძალიან ნაადრევია. მინიმუმ 1-2 წელი მაინც იქნება საჭირო, რომ რედმონდელების პროდუქტმა გადალახოს საყმაწვილო პრობლემები, მერე შეგვიძლია ვიფიქროთ.
iPod touch თუ?..
ადრე არ იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც არჩევნის წინაშე ვიდექით: iPod touch, თუ iPad? სულ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებია, ზომებით თუ ვიხელმძღვანელებთ. მეორეც, ფასშიც საკმაო სხვაობა იყო. ახლა აშშ-ში მინიმალური კონფიგურაციის touch 299 აშშ დოლარი ღირს, ხოლო iPad mini — 329 დოლარი. აქ უკვე დაფიქრებაა საჭირო, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. მაგრამ ეს კითხვა ქრება, თუ თქვენ გაქვთ iPhone.
პირველი თაობის iPad — ხსოვნა იყოს
დღემდე პირველი თაობის iPad გამოიყენება, თანაც აქტიურად, თუმცა უკვე აშკარაა მისი წარმადობისა და მეხსიერების სიმცირე. მათ, ვინც უკვე მიეჩვია დიდი ზომის ეკრანს, პირველ რიგში ვურჩევდი iPad 4-ს.
iPad 2 მოძველდა, რაზე შევცვალო?
iPad 2-იდან iPad mini-ზე გადასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ კომპაქტურობის საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია. აპარატურული ნაწილის მიხედვით მოწყობილობები იდენტურია, მაგრამ ზომა-წონის მიხედვით სხვაობა ფრიად დიდია.
iPad 3 თუ iPad 4?
ნამდვილად არა აქვს აზრი iPad 3-იდან iPad 4-ზე გადასვლას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გიყვართ კომპიუტერული თამაშები და წარმადობას თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.
iPad 3-იდან iPad mini-ზე გადასვლასაც არა აქვს დიდი აზრი. ზომაში იგებთ, ეკრანის ხარისხში — აგებთ, წარმადობაში — პარიტეტი დაცულია. აზრი აქვს, რომ შეიძნოთ iPad mini, როგორც დამატებითი მოწყობილობა. ოჯახში მუდმივად წარმოიშობა კონფლიქტი, თუ ვისი ჯერია ითამაშოს პლანშეტით (როგოროც ჩემთან), ამიტომ დამატებითი პლანშეტის სახით iPad mini იდეალურია.
To be, or not to be
გაივლის დრო და კედელთან დასახვრეტად მიყენებული აურელიანო ბუენდია გაიხსენებს… უჰ, უკაცრავად, ეს სხვა ოპერიდანაა. მოკლედ, გაივლის 3-4 თვე, აჟიოტაჟი ჩაცხრება, ფასებიც დარეგულირდება და მომხმარებლებისათვის კონკრეტული პლანშეტის არჩევის საკითხი თავისით მოგვარდება. საბოლოო არჩევანი მაინც iPad 4-სა და iPad mini-ს შორის დარჩება.
მაგრამ ზუსტად ახლა არის დრო, რომ შეცვალოთ თქვენი მოძველებული პლანშეტი, ან შეიძნოთ თქვენი პირველი მოდელი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ Apple-ის ტექნიკა საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფისა და საუკეთესო ხარისხის, დიზაინის, გამოყენებული მასალების გამო დიდხანს რჩება ბაზარზე, თუნდაც მორალურად უკვე ოდნავ მოძველებული.