თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმააო, ამბობენ. ჰოდა ამაზონმაც გადაწყვიტა ამ ხერხისათვის მიემართა და წინსწრებით მოეხდინა დარყმა ტაბლეტების საკვანძო მწარმოებლებისათვის. გუშინ, 6 სექტემბერს, ამაზონმა ჩაატარა სპეციალური ღონისძიება, სადაც წარმოადგინა სიახლეები. ძალიან კარგი სიახლეები, თავწამკვდარ მაკისტსაც რომ მომეწონა, ისეთი. მოდი ვნახოთ, თუ რას გვთავაზობს საცალო ვაჭრობის გიგანტი და ამიერიდან უკვე აპარატურის უსერიოზულესი მწარმოებელი ამაზონი.
Kindle Paperwhite
პრეზენტაცია დაიწყო ელ. მელნიანი მოწყობილობების განახლებების წარმოდგენით. ახალ მოდელს ჰქვია Kindle Paperwhite.
მწარმოებელი Kindle Paperwhite-ს ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილ ელ. წიგნად წარმოგვიდგენს. მოწყობილობა აღჭურვილია 6 დუიმიანი E-Ink ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკრანით, გარჩევადობა 1024×768 პიქსელი. დუიმზე წერტილების რაოდენობა 212, რაც 62%-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა თაობის მოდელში. კონტრასტულებაც 25%-ით არის გაზრდილი.
Kindle Paperwhite სენსორულად იმართება, მოწყობილობაზე არ არის არანაირი ღილაკები, რაც ფრიად კარგია, ჩემი აზრით. სიბნელეში საკითხავად გათვალისწინებულია ეკრანის განათება, რომელიც კორპუსშია ჩაშენებული. გაითვალისწინეთ, რომ თხევადკრისტალური ეკრანებისგან განსხვავებით, რომლებიც ასხივებენ შუქს და ვნებენ ჩვენს თვალებს, Kindle Paperwhite-ში განათება საპირისპიროდ არის მიმართული და ჩვენი თავლები დაცული იქნება.
ახალი მოდელი 2 გბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი, ასევე აქვს Wi-Fi მოდული და USB-პორტი. ავტონომიურად მუშაობის დრო — 8 კვირა! ფრიად კარგი მაჩვენებელია, კი არადა საუკეთესო ამ ეტაპზე.
მოდელის ზომები — 169×117×9,1 მმ, წონა — 213 გრ.
Wi-Fi მოდელის გარდა, ამაზონმა წარმოადგინა Kindle Paperwhite 3G-ქსელები მხარდაჭერით.
Kindle Paperwhite Wi-Fi მოდელის ფასია $119 ან $139 (რეკლამით და მის გარეშე), ხოლო Kindle Paperwhite 3G-ის ფასები შესაბამისად $179 და $199. წინასწარი შეკვეთის გაკეთება ახლავე შესაძლებელია, ხოლო პროდუქტის გაყიდვა 1 ოქტომბერს დაიწყება.
Kindle Fire HD 8.9″
ამაზონმა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, წარმოადგინა თავისი პლანშეტური კომპიუტერის მეორე თაობა. სულ წარმოდგენილია სამი მოდელი: Kindle Fire HD 8.9″ და Kindle Fire HD 8.9″ 4G LTE, აგრეთვე Kindle Fire HD 7 დუიმიანი ეკრანით.
Kindle Fire HD 8.9″ აგებულია ორბირთვიან, 1,5 გიგაჰერციან პროცესორზე TI OMAP4470, გრაფიკული პროცესორი — Imagination SGX544 3D. სენსორული ეკრანი ზომით 8,9 დუიმია დიაგონალში, ხოლო გარჩევადობით — 1920×1200 პიქსელი (254 წერტილი დუიმზე). მხარდაჭერილია ათწერტილიანი „მალთითაჩი“.
ახალი მოდელი აღჭურვილია 16, ან 32 გბაიტი მეხსიერებით, Wi-Fi მოდულით (802.11a/b/g/n), რომელსაც ორი ანტენა აქვს სიგნალის უკეთ მიღებისათვის, ფრონტალური კამერით, პორტებით MicroUSB 2.0 და Micro-HDMI, აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი ყურსაცვემების ფოსოთი. პლანშეტის ზომებია — 240×164×8,8 მმ, წონა — 567 გრ.
რაც საინტერესოა, საოპერაციო სისტემა გახლავთ Android 4.0 Ice Cream Sandwich, ანუ უახლესი ვერსია.
Kindle Fire HD 8.9″ 4G LTE
მახასიათებლებით ეს მოდელი წინას მსგავსია. განსხვავება გახლავთ 4G-მოდულში და მეხსიერების გაორმაგებულ მოცულობაში — 32, ან 64 გბაიტი. წონა — 575 გრ.
Kindle Fire HD
უმცროსი მოდელი აღჭურვილია 1,2 გიგაჰერციანი, ორბირთვიანი პროცესორით OMAP4460, 7 დუიმიანი ეკრანით 1280×800 გარჩევადობით. გაბარიტები — 193×137×10,3 მმ, წონა — 395 გრ. ავტონომიურად მუშაობის დრო 11 საატს აღწევს.
რათქმაუნდა ყველა პლანშეტი ინტეგრირებულია ამაზონის ონლაინ-სერვისებში: მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ წიგნები, თამაშები და მულტიმედია მასალები.
ფასები
პლანშეტი Kindle Fire HD 8.9″ 16 გბაიტი მეხსიერებით $299, 32 გბაიტი — $370. LTE-მოდელი დაჯდებ $499 და $599 32 და 64 გბაიტი მეხსიერების მქონე მოდელებისათვის. Kindle Fire HD ღირს $199 16 გბაიტი მეხსირებით და $249 — 32 გბაიტით.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=jrgO8Zseh6E[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=VYi1jZXz9Kg[/youtube]
წყარო: amazon.com