ტრადიციულად Apple-ის დიდი ღონისძიების წინ (პრინციპში, რომელი აქვს Apple-ს მცირე ღონისძიება) ვიწყებ ხოლმე ქსელში არსებული ჭორებისა და გარჩევების შეგროვებას. ეს ის ჭორებია, რომლებიც შესაძლო პროდუქტების გარშემო იყრის თავს, გროვდება, იცვლება და ხშირად საშინლად სახეშეცვლილი ბრუნდება უკან. რად ღირს თუნდაც ამ ორიოდე წლის წინ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობისა თუ უცნობის მიერ ჩემი დარწმუნების მცდელობა, რომ Apple ახალ iPhone-ში ლაზერული კლავიატურის ჩადგმას აპირებდა. მოდი გადავხედოთ ჩემს მიერ შეგენილ სავარაუდო პროდუქტთა სიას.
ძალიან ბევრი დღეს ელოდება iPhone 5-ს. თუ კარგად გახსოვთ, iPhone-ის ბოლო მოდელი, iPhone 4S სულ ათიოდე თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში. და iPhone ნამდვილად არ გახლავთ Android, ყოველ ორ კვირაში ერთხელ რომ გამოვიდეს. iPhone 4S შესანიშნავად იყიდება, ერთი მოდელით ძლიერ კონკურენციას უწევს Android-იან ასობით მოდელს. ასე რომ დღეს ახალ iPhone-ს მოდი ნუ დაველოდებით. მისი წარმოდგენა მოხდება სექტემბერში, ხოლო გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება.
OS X
ნუ დაგვავიწყდება, რომ WWDC ძირითადად დეველოპერებისათვის კეთდება, შესაბამისად აქცენტები პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე არის წარმოდგენილი. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ამჟამად ბეტა-ტესტირების რეჟიმშია OS X 10.8 Mountain Lion, მაკის საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია. მე ველდოები მისი ფუქნციების დეტალურ მიმოხილვას და გამოშვების თარიღის დასახელებას. ჩემი აზრით მისი გაყიდვა ივლის-აგვისტოშია მოსალოდნელი. ფასი იგივე — 29 დოლარი.
iOS
iOS 6 ასევე იქნება წარმოდგნილი WWDC-ზე. ასევე კი არა და ძირითადი დრო მას ექნება დათმობილი. ჩემი აზრით დეველოპერებისათვის დღეიდანვე იქნება ხელმისაწვდომი ბეტა-ვერსია, ხოლო ფინალური შემოდგომაზე ახალ iPhone-თან ერთად მოხდება.
რა იქნება ახალი საოპერაციო სისტემის ძირითადი მომენტები? ახალი რუკები Apple-ისაგან, რათქმაუნდა. ხოლო ჩვენ, ქართველები ველით ბოლო-ბილო ქართული კლავიატურის ოფიციალურად გააქტიურებას.
ჭორებს თუ დავუჯერებთ, iOS 6-ში უნდა მოხდეს Facebook-თან ღრმა ინტეგრაცია, ისევე როგორც ეს მოხდა Twitter-ის შემთხვევაში. ფრიად მივესალმები ამ ნაბიჯს!
ახალი Mac-ები
ბევრი დაიწერა ახალი მაკების შესახებ ქსელში. მაგალითად, Mac Pro უკვე ორი წელია არ განახლებულა. დროა ნამდვილად. Macbook Pro შესაძლოა დაემგვანოს Macbook Air-ს, ან/და მიიღოს Retina-ეკრანი.
მოკლედ, ღონისძიების დაწყებამდე სულ რაღაც 7 საათი დარჩა. შეგახსენებთ, რომ GO! ბლოგი, რადიო BeatFM 100.3 და GeMUG გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას WWDC 2012-იდან რადიო-ტალღაზე 100.3
გვისმინეთ პირდაპირ ეთერში, ან ინტერნეტის საშუალებით.
დარჩით ჩვენთან!