სიახლეები

2011 წელი Apple-ისათვის

392views

როდესაც გასულ კვირას, სარედაქციო კოლეგიის შეკრებაზე გადავწყვიტეთ, რომ წლის ბოლოს მთელი წლის მიმოხილვა გაგვეკეთებინა IT-ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით, არავის გასჩენია შეკითხვა, თუ ვინ დაწერდა Apple-ის შესახებ. რათქმაუნდა ეს ჩემი თემაა! როგორც Apple-ფანს, ჩემთვის სხვა თემები ნაკლებ საინტერესოა, თუ არ ჩავთლით, მაგალითად ელწიგნების თემას. ამის გარდა, 2011 წელი Apple-ის მოყვარულთათვის ბევრი ახალი პროდუქტით იყო საინტერესო. ხოლო წლის თითქმის მიწურულს სტივ ჯობსის ტრაგიკული სიკვდილი პრაქტიკულად შოკის მომგვრელი გახლდათ თითოეული ჩვენგანისათვის…

მაშ ასე, რით დაგვამახსოვრდა 2011 წელი ჩვენ, Apple-ის პროდუქციის ფანებს? მივყვეთ ქრონოლოგიურად.

პროდუქტების რედიზაინის გარეშეც Apple-ისათვის 2011 წელი ფრიად კარგი გამოდგა, ძირითადი აქცენტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადატანით. წელს Apple-მა წარმოადგინა iCloud — ღრუბელოვანი სერვისი, iPad-ის მეორე თაობა, აგრეთვე ფრიად პერსპექტიული მიმართულება გამოთვლით ტექნიკაში, ხმის ამოცნობის ინტელექტულური სისტემა iPhone 4S-ში. ასევე ვიხილეთ iOS-ის ზოგიერთი დეტალი OS X Lion-ში, რაც იმის მომასწავებელია, რომ რამოდენიმე წელიწადში ეს ორი საოპერაციო სისტემა შეერწყმება ერთმანეთს. 2011 წელს Apple-მა ახალი მობილური ოპერატორები შეიძინა პარტნიორებათ, გამოუშვა ახალი, სწრაფი Mac-ები და ბევრი კარგი პროგრამული უზრუნველყოფა.

iPad 2

ერთ წელზე ნაკლები დასჭირდა Apple-ს პირველი თაობის iPad-ის გამოსვლიდან, რათა საზოგადოებისათვის წარედგინა ახალი, მეორე თაობის iPad 2. უფრო თხელი, მსუბუქი და სწრაფი, ახალი iPad ორი კამერით 2011 წელის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. iPad 2 შეგვიძლია დავასახელოთ როგორც ყველაზე მეტად განხილვადი პროდუქტი. თუმცა ყველაზე დიდ სურპრიზად iPad 2-ში — თუ გავითვალისწინებთ იმ მომენტში თეთრი iPhone-ის არარსებობას — გახდა თეთრი ვერსიის გამოსვლა. ახალ მოდელს იმედგაცრუებაც მოყვა (პირადად ჩემთვის მაინც) — ეკრანის გარჩევადობა ისევ ძველი დარჩა, 1024×768. თუმცა უნდა ითქვას, რომ iPad 2 2011 წლის ყველაზე საინტერესო პროდუქტია და ყველაზე სასურველი. ტყუილად კი არ უწოდა სტივ ჯობსმა 2011 წელს iPad 2-ის წელი.

iPhone Sprint-ის ქსელში

დიახ, მრავალწლიან მონოპოლიას AT&T-ის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე მოეღო ბოლო და წელს ჩვენ ვიხილეთ iPhone-ის CDMA ვერსია. საქართველოსთვის ეს შესაძლოა დიდად საინტერესო არ გახლავთ, მაგრამ როგორც მოვლენა ნამდვილად ყურადღების ღირსია. ამავდროულად გამოირკვა, რომ 2011 წლის iPhone-ში 4G-ქსელების მხარდაჭერა არ იყო გათვალიწინებული.

ცვლილებები Apple-ის საცალო გაყიდვებში

მაშ შემდეგაც კი, რაც საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, რონ ჯონსონმა კომპანიიდან J.C. Penney-ში წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა ამ წლის შუაგულში, მაინც საცალო გაყიდვები ძლიერ დეპარტამენტად დარჩა Apple-ის სტრუქტურაში. წლევანდელი წელი Apple-ისათვის არა მარტო რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებლებით, არამედ ბევრი ინოვაცია დაინერგა საცალო გაყიდვების სფეროში. მაგალითად, პროგრამა Personal Setup, Mac-ის მომხმარებლებისათვის, iPhone-ის განბლოკვა და ახალი ვენჩურული პროგრამა Joint Venture მცირე ბიზნესის წარმომადგნლებისათვის.

Apple-ის მაღაზიებში დაიდგა დიდი მონიტორები და გაუმჯობესებული ხმის სისტემები, დაინერგა ინოვაციური აპლიკაცია Retail Me iPad-ისათვის. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ Apple-მა ყველანაირი რეკორდი მოხსნა „შავი პარასკევის“ გაყიდვებში.

iOS 5

iOS 5-ის გამოსვლამდე მუსირებდა მოარული ხმები უახლეს საოპერაციო სისტემაში Photo Stream-ისა და iCloud-ის მხარდაჭერის შესახებ. აგრეთვე OS X Lion-ში Reading List-ის სინქრონიზაციის შესახებ iOS-მოწყობილობებთან, Find My Friends-ის არსებობის შესახებ და კიდევ იმის შესახებ, რომ Apple მუშაობს საკუთარი რუკების შექმნაზე. ამ ჭორების უდიდესი ნაწილი ახდა და დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერაციო სისტემა მობილური მოწყობილობებისათვის ბაზარზე.

თეთრი iPod touch

არაფერი გასაოცარი არაა იმაში, რომ Apple-ს ნაკლებად ეცალა iPod Touch-ისათვის წელს, თუ ვილაპარაკებთ ფუნქციებსა და დიზაინზე. კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა თეთრი მოდელი, რათა ყოფილიყო სრული თანხვედრა თეთრ iPhone-თან და ამავე ფერის iPad 2-თან.

ცვლილებები კომპანიაში

2011 წელი არა მარტო დიადი წელი იყო Apple-ის ისტორიაში, პროდუქტების თვალსაზრისით, არამედ გრანდიოზულიც გახდა კომპანიის შეგნით გრანდიოზული ცვლილებების გამო. ალბათ მიხვდით, რომ საქმე სტივ ჯობსის გარდაცვალებას ეხება. არ ვიცი სხვამ როგორ, მაგრამ მე საკმაოდ მძიმედ განვიცადე ამ ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან. და სამწუხაროდ ჩემმა მძაფრმა წინადგრძნობამ არც ახლა მიმტყუნა. დავიწყოთ იმით, რომ 24 აგვისტოს უცაბედად Apple-მა გამოაქვეყნა სტივ ჯობსის წერილი, რომელშიც ის თავის თანამშრომლებს მიმართავდა. აი ეს წერილი:

To the Apple Board of Directors and the Apple Community:
I have always said if there ever came a day when I could no longer meet my duties and expectations as Apple’s CEO, I would be the first to let you know. Unfortunately, that day has come.
I hereby resign as CEO of Apple. I would like to serve, if the Board sees fit, as Chairman of the Board, director and Apple employee.
As far as my successor goes, I strongly recommend that we execute our succession plan and name Tim Cook as CEO of Apple.
I believe Apple’s brightest and most innovative days are ahead of it. And I look forward to watching and contributing to its success in a new role.
I have made some of the best friends of my life at Apple, and I thank you all for the many years of being able to work alongside you.
Steve

ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ სტივი ძალიან ცუდად გრძნობს თავს, თუკი ოპერატიულ საქმიანობას ჩამოშორდა კომპანიაში. ამის შესახებ ძალიან დეტალურად არის დაწერილი უოლტერ აიზექსონის წიგნში. ამის შემდეგ თვეზე ოდნავ მეტი თუ იქნებოდა გასული, რომ გამოცხადდა Apple Special Event, სადა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ახალი აიფონი (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა ერქმებოდა ამ ახალ მოდელს, iPhone 5, თუ iPhone 4S). ღონისძიება 4 ოქტომბერს ჩატარდა და ის ტიმ კუკს მიყავდა, დროდადრო მას ენაცვლებოდნენ Apple-ის სხვა ხელმძღვანელები. სტივი არ იყო დარბაზში, რის გამოც დამსწრეებიც, ღონისძიების ორგანიზატორებიც და ინტერნეტში თვალყურისმდევნებელი მილიონობით ადამიანიც ფრიად მოწყენილნი იყვნენ. მოკლედ, ამ ღონისძიებამ ძალიან უხალისოდ ჩაიარა. თვით ტიმ კუკსაც კი, რომელსაც სახეზე ერთი კუნთიც კი არ აუტოკდება არასდროს, ეტყობოდა შინაგანი დაძაბულობა. მათ ხომ უკვე იცოდნენ, რომ ღონისძიების მსვლელობისას სტივი აგონიაში იყო და სიცოცხლის ბოლო საათებს ითვლიდა.

მეორე დღეს, 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი გარდაიცვალა…

სიმართლე გითხრათ და ეს არც სხვებისაგან დამიმალავს არასდროს, სტივის სიკვდილი, რომელიც ყველამ ვიცოდით, რომ ამ წელს თუ არა, 2012 წლის პირველ ნახევარში მაინც იყო მოსალოდნელი, მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის. საინტერესოა, რომ მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე Facebook-ზე სტატუსში დავწერე ამის შესახებ.

თითქოს გული მიგრძნობდა, მაგრამ… ეჰ, მოდი აღარ გავაგძრძლებ ამ თემას, მითუმეტეს არ გაგიფუჭებთ სასიამოვნო საახალწლო განწყობას.

iPhone 4S

iPhone 4S არ გახდა ის პროდუქტი, რასაც ადამიანები ელოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს. აპრილში ცნობილი გახდა, რომ iPhone-ის შემდეგი თაობა აგებული იქნებოდა A5 ჩიპზე. წინასწარი მონაცემებით ახალი მოდელის სახელი იქნებოდა iPhone 4S, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდევაც. ამის გარდა დადასტურდა 64 გბაიტიანი მოდელის არსებობა და 8 მეგაპიქსელიანი კამერაც.
საბოლოო ჯამში, ახალი მოდელი მაინც წარმატებული გამოდგა.

Siri

2011 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიათ შეიძლება ჩაითვალოს Siri-ს დებიუტი. ეს გახლავთ ხმოვანი ასისტენტი, რომელიც თქვენი ხმოვანი ბრძანებებით გეხმარებათ შეასრულოთ ყოველდღიური საქმეები.

დაწრმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული 2011 წელიდან და მომავალში დგება ხმოვანი ბრძანებების ხანა. რამდენიმე წელიწადში დადგება დრო (ოღონდ ჩვენთან არა, ქართულის მხარდაჭერა ალბათ ძალიან, ძალიან დიდხანს არ იქნება), როდესაც ჩვეულებრივი მომხმარებელი და არა ამარტო სმარტფონისა, ხმოვანი ბძრანებით მიმართავს ნებისმიერ მოწყობილობას (ტელეფონს, ტაბლეტს, კომპიუტერს, ავტომობილს, სამზარეულო ტექნიკას და ა.შ.) და მიიღებს არა მარტო ბრძანების შერულებას, არამედ ადექვატურ პასუხსაც მოწყობილობისაგან.

Apple და საქართველო

2011 წელი ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაც ფრიად კარგად წარიმართა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენთან უკვე 2 წელია არსებობს ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია GeMUG — Georgian Mac Users Group, გემუგი — საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწიოს Apple-ის პროდუქტებსა და სერვისებს. 2011 წელს გემუგის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩიტიშვილი დაუკავშირდა Apple-ის ცენტრალურ ოფისს კუპერტინოში. და აი, რამდენიმე თვიანი დაძაბული მუშაობის შედეგად ჩვენ მივიღეთ ქართული კლავიატურა Mac OS X Lion-ში. ეს არ ვიკმარეთ და Apple-ის ოფისი ავიკელით მოთხოვნით, რომ ქართული კლავიატურა ჩამჯდარიყო iOS-ში, ანუ iPhone-სა და iPad-ში. ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდა Apple-ის მხრიდან და სულ მალე სიახლე ძალაში შევა. გემუგი აგრძელებს მოლაპარაკებას Apple-თან მთელი რიგი საკითხების გარშემო, რის შესახებ საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ 2012 წელს თქვენ კიდევ მრავალი სურპრიზი გელით Apple-ისა და GeMUG-ის ერთობლივი მუშაობით.

და ბოლოს, ამ წლის დამაგვირგვინებელ მოვლენად საქართველოსათვის შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენს ქვეყანაში iPad-ის ოფიციალური შემოსვლა. ამ არაჩვეულებრივი მოწყობილობის გაყიდვის უფლება ორმა კომპანიამ, Go! Electronics-მა და ჰამაკმა მიიღო.

2011 წლის დასრულებამდე 3 დღე რჩება. მე, როგორც Apple-ის ფანი დიდი იმედებით ვხვდები 2012 წლის დადგომას. და ჩემი იმედი მარტო ის კი არ გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი პროდუქტი გამოუშვას Apple-მა, არამედ ის, რომ კომპანიამ არ დაკარგოს ის სული, რომელიც Apple-ში შთაბერა მისმა დამაარსებელმა, სტივ ჯობსმა.

მადლობა Apple, მადლობა სტივ, თქვენ ჩვენ ბედნიერ წუთებს გვჩუქნით შესანიშნავი პროდუქტებით და კიდევ უფრო არაჩვეულებრივი განცდით, რასაც Apple-ის კულტურა ჰქვია.

Comments

comments

Leave a Response