სიახლეები

AppleLink-დან iCloud-მდე

88views

6 ივნისის პრეზენტაციაზე ეპლმა თავის ახალ საოპერაციო სისტემებთან ერთად თავისი ახალი ინტერნეტ-სერვისი  iCloud გამოაცხადა, რომელიც შეცვლის მის წინა, არცთუ წარმატებულ MobileMe-ს და უფრო მოქნილ, უფასო, მობილურ გარემოზე ორიენტირებულ მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს. ჩვენ არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, იქნება თუ არა  iCloud  წარმატებული ან გაიმეორებს თუ არა წინამორბედების ბედს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ეპლის ყველა ონლაინ სერვისს, დაწყებული 80-ანი წლებიდან და რა გავლენა მოახდინა კომპანიის ამ სახის სერვისებმა ინტერნეტის განვითარებაზე.

ეპლის პირველი ონლაინ-სერვისი, რომელიც ხმარობდა გრაფიკულ ინტერფეისს, გამიზნული იყო ეპლსა და მის დილერებს შორის კავშირისთვის. თუმცა სერვისი მალე გახდა კომპანიის დეფაქტო ელფოსტის სერვისი და რომელსაც ანალოგიური დანიშნულებით ხმარობდნენ ეპლის დილერებიც.  AppleLink იმდენად პოპულარული გახდა, რომ ეპლმა კონტრაქტი დაუდო პატარა კომპანია Quantum Link-ს, რომელთანაც თანამშრომლობის შედეგადაც 1988 წელს შეიქმნა ახალი პროდუქტი სამომხმარებლო ბაზრისათვის –  Apple Link Personal Edition და რომლის ფასიც იყო 6-დან 15 დოლარამდე საათში. სერვისი იმდენად წინწასული ტექნოლოგია იყო თავის დროზე, რომ 1991 წელს კოსმოსიდან პირველი იმეილი მაკინტოშის ნოუთბუკიდან AppleLink-ის მეშვეობით გამოიგზავნა დედამიწაზე.  შემდგომ წელს, ორ კომპანიას შორის უთანხმოების გამო QuantumLink გამოეყო ეპლს და დააფუძნა ამერიკული ინტერნეტის პიონერი America Online, რომელიც ონლაინ სერვისს სთავაზობდა არამხოლოდ ეპლის მომხმარებლებს, არამედ უფრო ფართოდ გავრცელებულ Windows პლატფორმასაც.

AppleLink-ის მემკვიდრე და უფრო მეტი ფუნქციებით აღჭურვილი ეპლის ახალი სერვისი,  eWorld, რომელიც 1993 წელს შესთავაზა კომპანიამ მომხმარებლებს, გამიზნული იყო America Online-თან კონკურენციისთვის მაკინტოშის პლატფორმაზე. თუმცა გარკვეულ ტექნიკურ საკითხებში eWorld თანამშრომლობდა კიდევ AOL-თან.  იგეგმებოდა ასევე მისი Windows ვერსიის გამოშვებაც, მაგრამ ეს პროექტი ბეტა სტადიას ვერ გასცდა. eWorld იყო მცდელობა, ეპლის ყველა ონლაინ სერვისის გრაფიკულად გამოსახვისა  და მარტივი ინტუიტიური ინტერფეისა, სადაც ეპლის აზრით მისი ყველა მომხმარებელი ადვილად გაერკვეოდა ნავიგაციაში. სერვისი მოიცავდა ელფოსტას, სადისკუსიო ფორუმებს, ტექ.დახმარებას და ფაილების საცავსაც. ცალკე აპლიკაციად გამოიცა eWorld Browser, რომლითაც შესაძლებელი იყო ჩასახვის პერიოდში მყოფი ინტერნეტ-გვერდების თვალიერებაც.  1995 წელს eWorld ითვლიდა 115 000 მომხმარებელს, როცა America Online-ს ჰყავდა 4 მილიონამდე მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით. 1996 წელს, მწვავე ფინანსურ კრიზისში მყოფმა ეპლმა მისი ახალი CEO-ს სახით გამოაცხადა eWorld-ის სერვისის მხარდაჭერის შეწყვეტა. 1996 წლის 31 მარტს ეპლმა შეაჩერა სერვისი, ხოლო მისმა მომხმარებლებმა მიიღეს საშუალება საგრძნობი ფასდაკლებით ესარგებლათ America Online-ის სერვისით. eWorld-ის ყველა ფორუმის ჩანაწერი გადატანილ იქნა ეპლის ფორუმებზე.  მასზე მომუშავე ჯგუფმა დატოვა ეპლი და დააარსა TalkCity, რომელიც დღემდე იყენებს eWorld-ის ლოგოს ვარიაცებს თავის საიტზე.

სტივ ჯობსის ეპლში დაბრუნების და კომპანიის ფინანსურ წარმატებასთან ერთად, ეპლმა გადაწყვიტა აეღორძინებინა თავისი ძველი ინტერნეტ-სერვისები ახლებული მიდგომით და 2000 წელს, ტრადიციულ MacWorld-ზე სტივ ჯობსმა გამოაცხადა ახალი სერვისის iTools-ის გაშვების შესახებ. iTools მოიცავდა @mac.com ელფოსტის მისამართებს, ვებგვერდების დამზადების და განთავსების სერვისს, ფაილების საცავს და eCard-ებს. თავდაპირვლად სერვისი იყო უფასო მაკის მომხმარებლისათვის, ხოლო 2 წლის შემდეგ, როცა მისი შენახვის და ექსპლუატაციის ხარჯები გაიზარდა მომხმარებელთა ზრდის გამო, ეპლმა მოახდინდა მისი რებრენდინგი, სახელი შეუცვალა .Mac-ით, დაამატა რამოდენიმე ახალი სერვისი, Apple Groups  და მისი ფასი გახდა 99$ წელიწადში.

ეპლმა 2008 წელს გამოაცხადა .Mac-ის ახალი და სახეცვლილი ვერსიის, MobileMe-ის სერვისის შესახებ. MobileMe იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპანიის ინტერნეტ და მობილური სერვისების განვითარების საკითხში. ფენომენალური წარმატების მქონე აიფონი, ისევე როგორც მისი უახლესი საოპერაციო სისტემა OS 10.5 Leopard  საჭიროებდა სრულიად ახალ ხედვას ძალიან სწრაფად მზარდ ინტერნეტ-ტექნოლოგიებთან. MobileMe ფუნქციები მოიცავდა როგორც .Mac-ის ძველ, ასევე სრულიად ახალ სერვისებსაც. ესენი იყო აიფონის ძებნა რუკაზე, კონტაქტების, სურათების გალერეის, კალენდრის, საოპერაციო სისტემის ზოგიერთი დეტალის და ფაილების სინქრონიზაციას მაკებს და აიფონებს შორის. მიუხედავად ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლებისა, რომელიც ამ სერვისის გაშვებისას შეიქმნა და რასაც მოჰყვა MobileMe-ს მთელი გუნდის დაშლა,  ეპლის ამ სერვისმა მაინც მოიპოვა პოპულარობა მაკის მომხმარებელთა შორის.

ეპლის ახალმა სერვისმა  iCloud-მა, რომელიც MobileMe-ის ბევრად გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს, საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია ტექნოლოგიურ სამყაროში რამოდენიმე მიზეზის გამო. iCloud სასურველი ფაილების, სურათების და სხვა მონაცემების სინქრონიზაციას მოახდენს მომხმარებლის ჩაურევლად. მაგალითად, თუ სურათს გადაიღებთ აიფონით, იგი მომენტალურად გაჩნდება თქვენს iCloud-შიც და კომპიუტერშიც.  მაგრამ iCloud არ უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე მდგარი, ეპლის ინტერნეტ-სერვისი, როგორც ეს მის წინა ვერსიებში იყო. iCloud საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ეპლის 2 უახლეს საოპერაციო სისტემებთან – iOS 5-თან და Mac OS 10.7 Lion-თან.  ზუსტად მათი ინტეგრაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელი აღარ იყოს დამოკიდებული საკუთარ კომპიუტერზე, როცა საქმე აქვს საკუთარ აიფონის ან აიპედის ფაილებთან მათი შემდგომი სინქრონიზაციის და მანიპულაციების მიზნით. iCloud გახდება წამყვანი სერვისი, ერთგვარი შემკრები იმ ინფორმაციისა, რომელიც ინახება მომხმარებლის აიფონში, აიპედსა თუ მაკში. iCloud იქნება სრულიად უფასო, რაც ეპლის მხრიდან სერიოზული განაცხადი იქნება დაწყებით სტადიაში მყოფ Cloud  ომებში გუგლს, ამაზონს და ეპლს შორის.

უახლოეს მომავალში შემოგთავზებთ iCloud-ის დაწვრილებით ანალიზს იმის შესახებ, თუ რაც უნდა ველოდოთ,  როგორ მოვემზადოთ მასზე გადასასვლელად, რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე ვისარგებლებდეთ ამ სერვისით.

Comments

comments

Leave a Response