სახის ამომცნობი სამგანზომილებიანი სენსორი, რომელიც ჭორების თანახმად iPhone-ში Touch ID-ის ჩაანაცვლებს, შესაძლოა ასევე თქვენს Mac-კომპიუტერებში გამოჩნდეს. კუპერტინოში უკვე მუშაობენ მომხმარებლის იდენტიფიკაციის ახალი მეთოდის ადაპტაციაზე, რაზეც მეტყველებს ამასწინდელი პატენტი, რომელიც აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოს საიტზე დაიდო.
ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს მანქანური სწავლების პრინციპი, რაც კომპიუტერს საშუალებას აძლევს იცნოს თავისი მფლობელი სახეზე ცვლილებების შემთხვევაშიც კი. მაგალითად, სისტემა შეძლებს ამოიცნოს სახის კანის რეალური ფერი, ძლიერი რუჯის შემთხვევაშიც კი. ამისათვის ამუშავდება იდენტიფიკაციის ალგორითმი, რომელიც რეაგირებს სკანირებული სახის უნიკალურ მახასაითებლებზე.
პატენტში აგრეთვე აღინიშნება, რომ სახის სამგანზომილებიანი სკანირება — იდენტიფიკაციის გაცილებით უფრო საიმედო და პერსპექტიული მეთოდია, ვიდრე Touch ID. სისტემას შეუძლია დაიმახსოვროს უფრო მეტი საკვანძო წერტილი, მათ შორის ადამიანის თვალისათვის თითქმის შეუმჩნეველი, რაც არასანქცირებულ წვდომას აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანს.
ტექნოლოგია, რომელიც პატენტშია აღწერილი, წარმოადგენს მოწყობილობის მართვის კომპლექსურ სისტემას. ბიომეტრიული სენსორის გარდა, მასში რეალიზებულია მოძრაობის სენსორი, რომელიც გარემოს თვალყურს ადევნებს. ცრუ ამუშავების თავიდან ასაცილებლად მოფიქრებულია გააქტიურებისგან თავის დაცვის მექანიზმიც.