მართალია Apple – ის ჭკვიან საათზე ნამდვილი ბუმია, მაგრამ შემოსავლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე, მაინც iPhone, iPad-ისა და Mac-ის გაყიდვებზე მოდის. Apple-ის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ ამ პერიოდში 49.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ოდნავ მეტი ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობნენ (49 მილიარდი დოლარი). მოგებამ კი 10.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოგების მხრივ რეკორდული იყო მიმდინარე წლის პირველი კვარტალი, როცა კომპანიამ 18 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.
ანალიტიკოსები თანხმდებოდნენ, რომ Apple 4 მილიონ საათის გაყიდვას შეძლებდა მესამე კვარტალში. თუმცა Apple Watch -ის მოდელებისა და ფასის ფართო სპექტრის, ასევე, სხვადასხვა მოწყობილობების – iPod, Apple TV, Beats ტექნიკის რეალიზაციიდან შემოსული შემოსავლების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, ზუსტად რამდენი ცალი საათის გაყიდვა შეძლო კომპანიამ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი “სხვა გაყიდული პროდუქტებისთვისაც” გაიზარდა და 2.64 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როცა გასულ წელს ამ კატეგორიისთვის, წლის ამავე პერიოდში, შემოსავალი 1.76 მილიარდი იყო.
Apple-ის პროდუქტებიდან iPhone-ის გაყიდვებზე, კვლავ, ყველაზე დიდი წილი მოდის და შემოსავლებისა 70 %-ს შეადგენს. მესამე კვარტალში კომპანიამ 47.5 მილიონი iPhone გაყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 35 მილიონი. რაც შეეხება iPad-ს, უკანასკნელ კვარტალში 10.9 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა (2014 წლის მესამე კვარტალში – 13.3 მილიონი) Mac-ის შემთხვევაში ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4.8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა (გასული წლის იმავე პერიოდში-4.4 მილიონი)