მიმოხილვა 

Apple-ის მორიგი სმარტფონი: უფრო დიდი, ვიდრე დიდი

iPhone — Apple-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროდუქტი გახლავთ და წელს მან სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა. ერთადერთმა, განსაკუთრებულმა, თვითმყოფადმა პროდუქტმა შეწყვიტა არსებობა. ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი ორ მოდელს შორის, დიდსა და… უფრო დიდს შორის. პირდაპირ გეტყვით, არც თუ მარტივი ამოცანაა, განსაკუთრებით, თუ ხელში აიღებთ ორთავეს, მაშინვე მიხვდებით. მინდა გაგაწბილოთ — არჩევანის გაკეთება ძნელია. ერთი მხრივ — iPhone იდეალური პროპორციებით (4.7 დუიმიანი მოდელი), მეორე მხრივ — იდეალური iPhone შიგთავსის მოხმარების მხრივ (5.5 დუიმიანი მოდელი). მოდი, დეტალურად განვიხილოთ ორივე მათგანი.

დიზაინი: iPhone 2G ცოცხალია!

ბოლო ორი თაობის iPhone-ების გარეგანი სახე, რბილად რომ ვთქვათ, მოგვბეზრდა. დიახ, iPhone 5s მართლა შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ მომხმარებლები რაღაც ახალს ელოდნენ. ჩვენ კი ვიცით, რომ ახალი — კარგად დავიწყებული ძველია, ამიტომ iPhone 6 ხელის შეხებით ასე გვაგონებს Apple-ის პირველ სმარტფონს.

მომრგვალებული წახნაგები, ალუმინის მთლიანი ნაჭერი, ხელში სასიამოვნო განლაგება. მე ახლა ახალი iPhone-ების ორივე მოდელზე ვსაუბრობ, ვინაიდან დიზაინით ორივე იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ზომებშია და ზოგიერთ ტექნიკურ დეტალში.

ახალი iPhone ნამდვილი საოცრება გახდებოდა ჩემთვის — მე ხომ ყოველთვის მინდოდა ნამდვილი მომავლის აიფონი — მიმზიდველი, ზედმეტობების გარეშე, ალუმინის და შუშის საოცრება. ის ასეთი გამოვიდა, რომ არა ჯონათან აივის, Apple-ის მთავარი დიზაინერის კუდაბზიკობა, როდესაც ის ანტენის მოდულის დიზაინს ხატავდა. ხაზები, რომლებსაც ახალი iPhone-ის უკანა ხუფზე ხედავთ, ფრიად საშუალოდ გამოიყურება. მოკლედ, ეს ის მთავარი დიზაინერული ხარვეზია ჩემს თვალში, რომელიც ხინჯად მაქვს ჩასობილი.

მერწმუნეთ, ახალი iPhone-ის რამდენიმე დღიანი მოხმარების შემდეგ ძალიან ძნელია ძველ, 4 დუიმიან ეკრანთან ხელახალი შეგუება, ხელი ეჩვევა თხელ და ელეგანტურ კორპუსს, თითებს კვლავ უნდათ სმარტფონის შუშაზე გასრიალება. სმარტფონის გევრდები ოდნავ მომრგვალებულია, ასე რომ გაჯეტი მონოლითურად შეიგრძნობა, სწორი მასალებისგან დამზადებული.

მხოლოდ ერთი რამ გაითვალიწინეთ, საკმაოდ სლიკინა ლითონისგან არის დამზადებული iPhone, შალითა უთუოდ დაგჭირდებათ.

სხვა გარეგანი სიახლეებიდან გამოვყოფდი ხმის მართვის ღილაკებს, რომლებიც ახლა კორპუსშია ჩაძირული და საუცხოოდ იმართება. ასეთივე სახის ჩართვა-გამორთვის ღილაკი კორპუსის ზედა წიბოდან გვერდითაზე გადმოვიდა. მასზე ჯდება მარჯვენა ხელის ცერა თითი, ან მარცხენას საჩვენებელი. პირველი რამდენიმე საათი მაინც ინსტიქტურად ზედა წიბოსკენ გაგირბის თითი, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება — ეს ერთადერთი მოსახერხებელი ადგილია, სადაც შესაძლებელია თითით მიწვდომა და მოწყობილობის დაბლოკვა/განბლოკვა.

რაც შეეხება კამერის მოდულს, რომელიც კორპუსიდან გამოწეულია. დიახ, ერთი შეხედვით ცუდად ჩანს. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მიუხედავად მა მოდულისა, ტელეფონი კარგად დევს სწორ ზედაპირზე და არ ქანაობს. მოკლედ, არაფერი საპანიკო.

ეკრანის ზომა: სტივ ჯობსი შეცდა

პირველი თაობის iPhone-ის გამოსვლისთანავე (შეგახსენებთ, მას 3.5 დუიმის ეკრანი ჰქონდა), სტივ ჯობსმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა თავისი აზრი დიდი ზომის სმარტფონებთან დაკავშირებით:

შეუძლებელია მათი მართვა ხელით, მათ არავინ იყიდის. ისინი Hammer-ს გვანან.

ოთხი წლის შემდეგ, მიი საქმის გამგრძელებელი, ტიმ კუკი ბაზარზე ორ დიდი ზომის სმარტფონს უშვებს. ერთს — დიდი ეკრანით, მეორეს — უფრო დიდი ზომის ეკრანით.

ახალი iPhone-ების ეკრანები ძლიერ გაიზარდა წინა თაობის მოდელებისგან განსხვავებით. ეს აშკარად თვალში საცემია, როდესაც ხელში იღებ ახალ iPhone 6-ს, ხოლო iPhone 6 Plus შოკში გაგდებს თავისი უზარმაზარი ზომებით. მაგრამ პირველად შოკს ცვლის გაოცება — ეკრანის და გამოსახულების ხარისხი ერთი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მაგალითად iPhone 5s-ის.

ეკრანზე იდეალურად აისახება ფერები, ისინი ნატურალურია — არც გაცრეცილი და არც მძაფრად მყვირალა, როგორც ეს არის Super AMOLED ეკრანებზე, რომლებსაც აქტიურად არეკლამებს კომპანია Samsung თავის Galaxy სერიაში. დანახვის კუთხეები მაქსიმალურად შესაძლებელია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კუთხით აბრუნებთ iPhone-ს თქვენსკენ, ხოლო ტექსტი მაინც ძალიან კარგად იკიტხება ეკრანზე. დიახ, ახალი პოლარიზატორის დახმარებით iPhone 6/6 Plus-ის ეკრანი უკეთ გამოიყურება მზეზე, ვიდრე მათი წინამორბედი მოდელი.

iPhone 6 Plus-ის ეკრანი ისეთივეა, როგორც iPhone 6-ის. თუ არ გავითვალიწინებთ, რომ მისი ზომები ექსტრემალურად დიდია. iPhone ძალიან უნცაური გვეჩვენება ასეთ ზომებში და ჩემი აზრით სწორედ ამის მიღწევა სურდა Apple-ს. ამ მოდელმა შესაძლოა iPad mini-ს მომხმარებელთა ნაწილი გადაიბიროს თავისკენ და ბიძგი მისცეს iPad-ის სრულფასოვან კომპიუტერად გადაქცევის პროცესს. ვნახოთ.

საკმარისია, თუ არა გაფართოება 1980×1020-ზე 5.5 დუიმიანი ეკრანისათვის? სრულიად. და ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც სასწრაფოდ გირჩევთ QuadHD-ეკრანებზე გადასვლას, რომლებიც ახლა უკვე არის ზოგიერთ Android სმარტფონებში — LG G3, Samsung Galaxy Note 4. ადამიანის თვალს პიქსელების გარჩევა მხოლოდ 300 ppi-მდე შეუძლია, ხოლო iPhone 6 Plus-ში ეს მაჩვენებელი 401 წერტილია დუიმზე. მახასიათებლების შეჯიბრება დასრულდა. ამის ნათელი მაგალითი — ახალი iPhone-ია.

აპარატურული ნაწილი: უბრალოდ უკეთესი

Apple-ის მობილური მოწყობილობების სამყაროში ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბარი არ არის მიღებული. სად გაგიგიათ, რომ iPhone-ების სხვადასხვა თაობის მომხმარებლები საუბრობდნენ პროცესორებზე, ოპერატიულ მეხსიერებაზე, უკაცრავად და ოვერქლოქინგზე? მაგრამ თქვენ ეს გინდათ, ხომ მართალია? მაშინ აი თქვენ სამი iOS-სმარტფონის შედარება Geekbench-ის მაჩვენებლების მიხედვით, პროცესორის წარმადობის დასათვლელად.

დიახ, iPhone 6 და iPhone 6 Plus ამ ეტაპზე Apple-ის ყველაზე მძლავრი სმარტფონებია. ისინი ერთნაირ პროცესორზე მუშაობენ, Apple A8, ტაქტური სიხშირით 1.4 გჰც. აქვე დაამატეთ თანაპროცესორი M8, რომელიც თვლის გავლილ ნაბიჯებს და დამწვარ კალორიებს (კიდევ ბევრი რამისთვის გამოიყენება). ოპერატიული მეხსიერება — 1 გბაიტი, ისევე როგორც iPhone 5s-ში. მაგრამ როდესმე გიგრძვნიათ მეხსიერების ნაკლებობა?

რა გვაქვს შედეგად? საერთო შეგრძნებით, iOS 8 ახალ სმარტფონზე ცოტა უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე წინამორბედზე. სხვაობა ძალიან მცირეა, მაგრამ ის არის. ეს Apple-ის ტრადიციული ჯადოსნობაა, როდესაც ხელში ახალ iPhone-ს იღებ, ძველით სარგებლობა უკვე აღარ გინდა.

დიახ, თამაშები ერთი წამით უფრო სწრაფად იტვირთება, მრავალამოცანიანობის მენიუ ასევე უფრო სწრაფად გამოდის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჰო მართლა, თუ თქვენ იმაზე დარდობთ, თუ როგორ იმუშავებს iOS 8 5.5 დუიმიან ეკრანზე, ვჩქარობ დაგამშვიდოთ. არანაირი პრობლემა შემჩნეული არ არის. ორივე სმარტფონი იდენტურად მუშაობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნაკლებად ოპტიმიზირებულ რამოდენიმე თამაშს, სადაც მცირეოდენ მუხრუჭებს წავაწყდით (Real racing, რათქმაუნდა). მაგრამეს ოპტიმიზაციის საკითხია, რომელსაც თამაშების ავტორები ადრე თუ გვიან მოაგვარებენ. ჩვენ ვცადეთ ახალი, ოპტიმიზრებული Asphalt 8 და სიმართლე ითქვას, შთამბეჭდავია.

აკუმულატორი: მძლავრი, მაგრამ ინოვაციების გარეშე

უნდა ვაღიარო, ორიოდე დღეში ახალი მოწყობილობის ყველა ნიუანსის ჩაწვდომა საკმაოდ ძნელია. განსაკუთრებით აკუმულატორის ფუნქციონირება. არა, ეს შეუძლებელიც კია. მხოლოდ ერთს ვიტყვი — ჩემი ძველის-ძველი iPhone 4, რომლის ადგილი უკვე სამუზეუმო ექსპონატების რიგშია, როდესაც ახალი და კიწკიწა იყო, მუხტს უფრო ცუდად იჭერდა, ვიდრე ახალი მოდელები. თუ ეს ბებრუცანა დღის ბოლოს უკვე 0-ზე გადიოდა, თავის დროზე (ახლანდელი მდგომარეობის შედარება არაკორექტული იქნებოდა, მასში აკუმულატორი უკვე 4 წლისაა!), ახალ iPhone-ებში მუხტი დღის ბოლოს 30 და 55 პროცენტზე შემომრჩა. შთამბეჭდავია!

ციფრები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ apple.com-ზე, ყველა სიტყვაზე მეტყველია. iPhone 6-ს შეუძლია მუხტი შეინარჩუნოს 250 საათის განმავლობაში, ხოლო iPhone 6 Plus-ს — 384 საათი. უმცროს მოდელს შეუძლია დაახოებით ხუთ ფილმს გაყურებინოთ, ხოლო უფროსს — 7. დამეთანხმებით, მშვენიერი მაჩვენებლებია, თუმცა არარევოლუციური. არადა, რამდენი ხანია ყველანი, ყველა პლათფორმის მომხმარებელი ველოდებით რავოლუციურ გარღვევას აკუმულატორების საკითხში!

ფოტო- და ვიდეო-კამერა: სად წაიღეთ ჩემი მეგაპიქსელები?

არ არის. უფრო სწორედ, იმდენივეა, რამდენიც შარშანდელ მოდელში. და შარშანწინდელში. და iPhone 4s-შიც კი იმდენივეა. თქვენ მოგატყუეს, გაგაბითურეს და შეგასაღეს მოძველებული აპარატურა ზეფასებში. ცდებით.

მართლაც, iPhone 6-სა და 6 Plus-ში 8 მეგაპიქსელიანი კამერა არის ჩაყენებული, ƒ/2.2 დიაფრაგმით, მაგრამ ახალი ლინზებით. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგია, რომელიც ამ ახალ კამერებშია გამოყენებული — Focus Pixel-ია. ეს არის ფაზური ფოკუსირების სისტემა, რომელიც სერიოზულად ამცირებს ფოკუსირების დროს კამერის მოძრაობის დროს. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია: თქვენ იღებთ ჯიბიდან iPhone-ს, ხსნით კამერის აპლიკაციას და იწყებთ გადაღებას, თან ტეელფონს მკვეთრად ატრიალებთ აქეთ-იქეთ. არანაირი დამატებითი ფოკუსირება არ ხდება, იქნება შთაბეჭდილება, რომ კამერა გამოსახულებას აღბეჭდავს იმ წუთიდანვე, როგორც კი ტელეფონი ჯიბიდან ამოიღეთ. დაივიწყეთ ფუნქცია „შეეხე ფოკუსირებისათვის“ — ახლა iPhone ყველაფერს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

სურათების ხარისხი მაღალ დონეზეა, მინიმუმადეა დაყვანილი გადღაბნილი სცენები და ეს მართლაც შთამბეჭდავია. განსაკუთრებით ეს ეხება iPhone 6 Plus-ს, რომელსაც სტაბილიზაციის ოპტიკური სისტემა აქვს და წარმოუდგენელ ფოტოებს იღებს. და თუ ზოგადად ფოტოგრაფირებაც გეხერხებათ, ნამდვილ შედევრებს შექმნით.

ვიდეოს ხარისხზეც კარგად იმუშავეს Apple-ში. ორივე iPhone-ს შეუძლია FullHD ვიდეოს გადაღება 60 კადრი/წმ სიჩქარით, ამ დროს slow-mo ვიდეოს გადაღება შესაძლებელია 120 და 240 კადრი სისწრაფით. კინემატოგრაფიული სტაბილიზაციის გათვალისწინებით ვიდეოს გადაღებისას ჩვენ ყველაზე ძლიერი ვიდეო-კამერა გვექნება, რაც კი ნადმვილ ვიდეოს ფანატს შეუძლია წარმოიდგინოს.

iPhone 6 Plus-ის თავისებურებები: mini iPad mini

ტყუილად არ ვახსენე ოდნავ ზემოთ, რომ iPhone 6 Plus უბრალოდ ახალი სმარტფონი არ არის, ან მეორე მოდელი. ეს სრულიად ახალი რამ გახლავთ, რამაც შეიძლება უახლოეს დროში Apple-ის სხვა მოწყობილობებზეც იმოქმედოს. მაგალითად, iPad mini-ზე. ნამდვილად არალოგიკური იქნება 7.9 დუიმიანი პლანშეტის შეძენა, როდესაც შეიძლება 5.5 დუიმიანი სმარტფონის ყიდვა, რომელიც მუდამ ჯიბეში გიდევთ. ის უბრალოდ შექმნილია შიგთავსის მოსახმარად უზარმაზარი ოდენობით — ფილმების ყურება, უახლესი თამაშები, ბრაუზინგი ინტერნეტში, ან თუნდაც ვიდეოს მონტაჟი. ეს სრულყოფილი გაჯეტია აქიური მომხმარებლისათვის. თანაც, ამ მოწყობილობაში რამდენიმე სპეციფიური შესაძლებლობა არის ჩადებული.

ჯერ ერთი, ჰორიზონტალური რეჟიმი, როგორც iPad-ში. სამუშაო დაფა, ხატულები, შიგთავსი — ყველაფერი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადადის. ამ ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია პარამეტრებში. აქვე შესაძლებელია ხატულების ზომების მორგებაც.

თუ ავირჩევთ რეჟიმს „გადიდება“, ყველა ხატულა და ტექსტი ცოტათი მოიმატებს ზომებში. პერსპექტიულია, მაგრამ აუცლებელია დეველოპერების მხარდაჭერა, რომლებმაც სპეციალური ოპტიმიზაცია უნდა მოახდინონ.

სხვა მომენტი — ინტერფეისის ზოგიერთი ელემენტის მდებარეობის ცვლილება სტანდარტულ აპლიკაციებში. მაგალითად, ფოსტის და შეტყობინებების აპლიკაციებში ჩართულია ორმაგი ეკრანის რეჟიმი, როგორც iPad-ში. აქვე შეგვიძლია ავღნიშნოთ გაუმჯობესებული კლავიატურა, რომელზეც ცალკეა გამოყოფილი კოპირების, ამოჭრისა და ჩასმის ფუნქციები. იგრძნობა, რომ სისტემაში მიმდინარეობს სერიოზული ცვლილებები და მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს ვიხილავთ ამ მიმართულებით.

სხვა მწარმოებლების დიდი სმარტფონებისაგან განსხვავებით, Apple-მა საკმაოდ კარგად გადაწყვიტა დიდი ზომის მოწყობილობის მოხმარების ნიუანსები. სანამ კონკურენტები ინტერფეისში დიდი ეკრანების მართვის რთულ სქემებს ნერგავენ, კუპერტინოში უბრალოდ ერთი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ფუქნცია დაამატეს. Home-ღილაზე ორმაგი შეხებით (არა დაჭერით) მთელი ინტერფეისი ქვემოთ ეშვება ნებისმიერ აპლიკაციაში და შესაძებელს ხდის ცალი თითით მივწვდეთ ნებისმიერ ობიექტს. მარტივად და გენიალურად. სწორედ Apple-ის სტილში.

ცოტაოდენი დამატებები: კოლოფი და შეფუთვა

ყურადღება მიაქციეთ კოლოფის გარეგან სახეს ახალ iPhone-ებში. ახლა ისინი სრულიად თეთრია, ყოველგვარი ნახატის გარეშე. მხოლოდ მოდელის დასახელება არის გვერდითა წიბოზე. კოლოფის სახურავზე სმარტფონის სილუეტია ამოტვიფრული. უჩვეულოდ გამოიყურება. კომპლექტაცია არ შეცვლილა: ყურსასმენები, დატენვის/სინქრონიზაციის კაბელი, მუშაობის დაწყების სწრაფი სახელმძღვანელო და სიმ-ბარათის სლოტის გამხსნელი სკრეპი.

რა ავირჩიოთ?: დასკვნის ნაცვლად

iPhone 6 ძლიერ შეიცვალა გასულ მოდელებთან შედარებით და კიდევ უფრო კარგი გახდა. ყველაზე პოპულარული სმარტფონი (ამაში ეჭვის შეტანა ძნელია) კატასტროფული სისწრაფით იყიდება. ის ცალსახად შემდეგი 12 თვის ჰიტია. მე არ მაქვს არცერთი უარყოფითი არგუმენტი iPhone 6-ის ყიდვის წინააღმდეგ.

iPhone-ის არსებობის მთელი ისტორიის განამვლობაში ჩვენ გვიწევს ორ მოდელს შორის არჩევა — მძლავრსა და უფრო მძლავრს ორის, მაგრამ უფრო დიდი ეკრანით. ახალ აიფონს თავისი ქარიზმა აქვს, ის გიტაცებს თავისი განსაკუთრებულობით, არაჩვეულებრივი ეკრანით. არჩევა მართლაც ძნელია, მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემთ. არც კი იფიქროთ მიხივდეთ მაღაზიაში და იმწუთასვე შეძლოთ არჩევანის გაკეთება — ეს შეუძლებელია!

აიღეთ ხელში, კარგად ნახეთ, საათი მაინც გაატარეთ მასთან ერთად, მაგრამ გაიაზრეთ ახალი სმარტფონის გამოყენების ყველა სცენარი. მაგრამ ნურაფერს ნუ იყიდით. რამდენიმე დღე დაისვენეთ, ინფორმაცია გადამუშავდება და თქვენ მიიღებთ შედეგს — აუცილებლად შეიძენთ ტქვენთვის საურველ მოდელს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ საუკეთესო iPhone-ს აირჩევთ. და საუკეთესო სმარტფონს.

Related posts