თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად სარგებლობს App Store-ის მომსახურებით. ზოგი შედის, რათა იპოვნოს რაიმე ახალი და საინტერესო, ზოგიც — კონკრეტული აპლიკაციის შესაძენად. App Store-მა კარდინალურად შეცვალა კავშირი მომხმარებელსა და შიგთავსს შორის. თანაც ამ ცვლილებით მოიგო არა მარტო მომხმარებელმა, ან დეველოპერმა, არამედ Apple-მაც — გაცილებით მოსახერხებელი და საიმედოა, როცა შიგთავსს შენვე ფილტრავ.
2011 წლის 7 ივლისს, კუპერტინომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს მაშტაბით უკვე ჩატვირთული იყო 15 მილიარდზე მეტი აპლიკაცია App Store-დან. ეს 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურება იყო.
აი, რა განაცხადა ფილ შილერმა, Apple-ის პროდუქტების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა:
სულ რაღაც სამი წლის განმავლობაში App Store გადაიქცა პროგრამული პროდუქტების გაყიდვის ყველაზე საინტერესო და წარმატებულ ადგილად მსოფლიოში. ყველა დეველოპერს დიდი მადლობა საუცხოო აპლიკაციების შექმნისათვის, აგრეთვე ყველა იმ 200 მილიონ მომხმარებელს, ვინც ეს 15 მილიარდი აპლიკაცია შეიძინა.