დაგენიძლავებით, რომ ბევრი თქვენგანისათვის ფრაზა „საპატენტო საქმის გარჩევა“ მყარად ასოცირდება Apple-თან. დიახ, მართლაც Apple-ს ძალიან უყვარს პატენტები. როგორც თავისი, ასევე სხვისიც. მაგრამ აი რა დასანანია: კუპერტინოელებს ყოველთვის არ უმართლებთ ამ გარჩევებში.
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში როგორც წესი Apple-ის ხმაურიანი გამარჯვებები ხვდება ხოლმე, საკმაოდ ხშირად Apple აგებს კიდევაც სასამართლოში.
სამწუხაროდ, ან იქნებ საბედნიეროდაც, Apple ამ სიტუაციებში დიდ თანხას როგორც წესი არ იხდის, მილიონების ფარგლებში მხოლოდ. რათქმაუნდა, მილიონებიც დიდი ციფრია, მაგრამ მილიარდებს მაინც ვერ შეედრება.
ასე მოხდა ზუსტად ორი წლის წინ, 2012 წლის 5 იანვარს. ტაივანურმა კომპანიამ, Elan Microelectronics-მა ჩუმად და წყნარად მოუგო Apple-ს სასამართლოში და მიიღო 5 მილიონი აშშ დოლარი კომპენსაციის სახით. ბევრია? არა. თუმცა მაინც არასასიამოვნოა.
სხვათაშორის, აღნიშნული საქმე 2009 წელს დაიწყო. თავიდან იყო მცდელობა მშვიდობიანი მორიგებისა, თუმცა საბოლოო ჯამში საქმე მაინც სასამართლომდე მივიდა.