გილ ამელიო ყოველთვის ფრიად სპეციფიურად უდგებოდა პრობლემების გადაწყვეტას კომპანიაში. მაგალითად, როდესაც 1996 წელს Apple სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა ფინანსურ შტოპორში, ამელიომ, რომელიც იმ მომენტში კომპანიის ხელმძღვანელი იყო, დაიწყო თანამშრომელთა გათავისუფლება, პროექტების დახურვა (პერსპექტიულებისაც კი), კომპიუტერების გარკვეული მოდელების წარმოებიდან მოხსნა და ა.შ. — მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა, რათა როგორმე გადაერჩინა კომპანია.
ფინანსური პრობლემების გარდა, გილის წინაშე ფრიად სერიოზული პრობლემაც იდგა — საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია, რომლის გამოშვებასაც გეგმავდა Apple, მაგრამ დაპირებას ვერ ასრულებდა.
ძველი პროექტი Copland უკვე დახურული იყო, ვინაიდან არაპერსპექტიულ და უუნაროდ მიიჩნიეს. შესაბამისად ამელიო ხვდებოდა, რომ საჭირო იყო ახალი საოპერაციო სისტემის შეძენა ვინმესგან. ძალიან ბევრი ვარიანტი განიხილეს, მათ შორის Microsoft NT-ს შეძენაც კი, თუმცა ფავორიტი გახლდათ BeOS — Apple-ის ყოფილი თანამშრომლის, ჟან-ლუი გასეს მიერ შექმნილი.
შესაძლოა, დღეს Mac OS X-ის საფუძველში სწორედ რომ BeOS ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი შეცვალა ერთმა სატელეფონი ზარმა. 1996 წლის 27 ნოემბერს ამელიოს კაბინეტში გაისმა ზარი. ხაზზე სტივ ჯობსი იყო. თუ რაზე ილაპარაკეს სტივმა და გილმა ცნობილი არ არის, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ Apple გადაერთო NeXT-ზე. ხოლო ოდნავ მოგვიანებით კომპანიაში სტივ ჯობსი დაბრუნდა.