კინოსტუდია Pixar-ის ისტორია, რომელიც კომპიუტერული ანიმაციის ჟანრში მუშაობს, შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: პირველი — როდესაც ის სტივ ჯობსის ძვირადღირებული ჰობი გახლდათ და რამაც მას არაფერი მოუტანა, გარდა საკმაოდ მსხვილი ხარჯებისა, მეორე — ციფრული ანიმაციის არაჩვეულებრივად წარმატებული პერიოდი. წყალგამყოფად ამ ორ პერიოდს შორის გვევლინება ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორია“.
„სათამაშოების ისტორია“ — ჯონ ლასეტერის მულტიპლიკაციური ქმნილება გახლავთ. თავიდან ის სრულიად ჩვეულებრივი გამოვიდა, არაფრით გამორჩეული, თუმცა მასში იყო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება.
გარემოება გახლდათ ის, რომ „სათამაშოების ისტორია“ პირველი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იყო შექმნილი კომპიუტერის საშუალებით. შედეგად მას უდიდესი ინტერესით უყურებდნენ ყველანი: ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უფროსებიც კი.
„სათამაშოების ისტორიის“ წარმატება იმდენად დაუჯერებელი და მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კომპანიამ Disney, რომელმაც მისი გავრცელების უფლება შეისყიდა, არ დაელოდა საშობაო დღესასწაულებს, როგორც თავიდან იგეგმებოდა.
ახალი მულტფილმის პრემიერა 1995 წლის 23 ნოემბერს შედგა.