როგორც ჩანს, ეპლის აიპედის ფენომენალური წარმატების ფონზე სხვა ტაბლეტების მწარმოებლებს პრობლემები აქვთ, ამბობს Digitimes. წარმოების შეფერხებას და პროდუქტის საცალო ქსელში გაშვების გადადებას ნაწილობრივ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრაც უწყობს ხელს, სადაც რამოდენიმე კომპანია ტაბლეტების კომპონენტებს აწარმოებდა. გარდა ამისა, მოტოროლა Xoom-ის გაყიდვები, რომელიც აიპედისთვის სერიოზულ მოწინააღმდეგედ განიხილებოდა ანდროიდის ბანაკის მიერ, მოსალოდნელზე დაბალია. მიზეზად სახელდება ფასი, აპლიკაციების კატასტროფულად მცირე რაოდენობა და ანდროიდ 3.0-ის პრობლემები და არასტაბილურობა. Asus-მაც ასევე მინიმუმ ერთი თვით გადადო თავისი 16GB და 32GB Eee Pad Transformer ტაბლეტების გაყიდვაში გამოშვება და ისიც მხოლოდ ტაივანურ ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი. ამ წლის მეორე კვარტლისთვის გადაიდო HTC Flyer ტაბლეტების გამოსვლაც, რომლის ძირითადად შემაფერხებელ ფაქტორად თაჩ-დისპლეების არასაკმარისი რაოდენობა სახელდება. რაც შეეხება RIM-ის 7-დუიმიან Playbook-ს, რომლის გაყიდვაში გამოსვლა პრეზენტაციის შემდეგ რამოდენიმეჯერ გადაიდო, საბოლოოდ მომავალ კვირაში იხილავს მზის სინათლეს, თუმცა წინასწარი ტესტირების შედეგები საკმაოდ ნეგატიურია. როგორც ჩანს, 2011 წელი მთლიანად აიპედს ეკუთვნის.