ამერიკელი ტექნოლოგიის მიმომხილველი ჟურნალისტი სტივენ ლევი თავის ახალი წიგნში“In the Plex”, რომელიც გუგლის ისტორიის საინტერესო მომენტებს აღწერს, იხსენებს სტივ ჯობსის და გუგლის ურთიერთობების შესახებ და ასევე იმას, როგორი გავლენა მოახდინა ორმა კომპანიამ ერთმანეთზე. ლევის თქმით, გუგლის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი გუგლის გენერალური მენეჯერის ადგილზე სტივ ჯობსს ეპატიჟებოდნენ. ჯობსმა მათი შემოთავაზება უარყო, მაგრამ ახლადდაარსებულ და პერსპექტიულ კომპანიას დაეხმარა ეპლის საუკეთესო ექსპერტებით ბიზნესის განვითარების საკითხებში. ჯობსის უარის შემდეგ პეიჯმა და ბრინმა გენერალურ მენეჯერად ერიკ შმიდტი მოიწვიეს, რომელიც დათანხმდა შემოთავაზებას და თავისი დიდი წვლილიც შეიტანა გუგლის გიგანტად ქცევაში. ორ კომპანიას შორის ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ შმიდტი ეპლის დირექტორთა საბჭოშიც კი მიიწვია ჯობსმა. ეპლსა და გუგლს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც სტივ ჯობსმა გუგლში მორიგი ვიზიტისას ნახა მათი მობილური საოპერაციო სისტემის, ანდროიდის პროტოტიპი. წიგნის ავტორის თქმით, ჯობსი გაცოფებული დარჩა ნანახით. ანდროიდი ზუსტად იმეორებდა აიფონის საოპერაციო სისტემის თვისებებს და მახასიათებლებს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეპლის თანამშრომელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე სტივ ჯობსმა საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენია გუგლი: “ჩვენ არ შევჭრილვართ საძიებო ბიზნესში, ისინი შემოიჭრნენ სმარტფონების ბიზნესში. მათი გეგმა ნათელია, გუგლს უნდა აიფონის მოკვლა, რის საშუალებასაც მათ ჩვენ არ მივცემთ. ხოლო რაც შეეხება მათ დევიზს – ნუ იქნები ბოროტი (Don’t be evil, გუგლის არაოფიციალური დევიზი), უბრალოდ სისულელეა” . ამის შემდეგ ერიკ შმიდტი გადადგა ეპლის დირექტორთა საბჭოდან, ხოლო ჯობსმა მაშინ ჯერ კიდევ აიპედის საიდუმლო პროექტზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. დღეისათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა სმარტფონების და ტაბლეტების ბაზარზე, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა გრძელდება სხვა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მობილური რუკები, საძიებო სისტემები, მობილური რეკლამა და სხვა.