სიახლეები 

Mac OS X-ის ისტორია

წელს, 24 მარტს,  ეპლის საოპერაციო სისტემას OS X-ს 10 წელი შეუსრულა. როგორც სჩანს, ზაფხულისთვის დაგეგმილი მეშვიდე ვერსია, Mac OS 10.7, ანუ იგივე ლომი, საბოლოო იქნება, რადგანაც ველური კატების სამყაროში, რომელთა სახელების დარქმევაც საკუთარი საოპერაციო სისტემების ვერსიებისთვის  ეპლს ძალიან უყვარს, ლომზე ძლიერი არ არსებობს. რაღათქმა უნდა, რომ კომპანია არ შეწყვეტს დესკტოპის საოპერაციო სისტემის გამოშვებას, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სრულიად განსხვავებული იქნება ახლანდელი OS X-ის კონცეფციისგან. ცხოველთა სამყაროს რომელ ოჯახზე გადაინაცვლებს ეპლი, ან ერქმევა კი საერთოდ ცხოველების სახელები ლომის შემდგომ ვერსიას, ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა იცის კუპერტინოში. მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ დაიწყო მსოფლიოში ყველაზე კარგი საოპერაციო სისტემის ისტორია.

სტივ ჯობსის ეპლში დაბრუნებამდე კომპანია რამდენიმე წელიწადი უშედეგოდ ცდილობდა თავისი Mac OS Classic-ის საფუძვლიან განახლებას.  1984 წლიდან დაწყებული, როცა პირველი მაკინტოში მოევლინა სამყაროს და გრაფიკული ინტერფეისი და მაუსის რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი, ეპლის საოპერაციო სისტემა ნელ-ნელა დამძიმდა და აღარ გამოირჩეოდა ისეთი სტაბილურობით, როგორც რამოდენიმე წლის წინ.  გამომდინარე იქიდან, რომ Mac OS  კვლავ ძველ კოდზე იყო დამყარებული, ეპლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ახალი საოპერაციო სისტემის ნოლიდან შექმნა და ამისათვუს 1994 წელს პროექტი სახელწოდებით კოპლანდი დაიწყო.

ორიოდე წლის შემდეგ მენეჯმენტი მიხვდა, რომ ეს პროექტი, მიუხედავად მასში ინვესტირებული უამრავი ფულისა და ადამიანური რესურსებისა, ვერასოდეს დამთავრდებოდა მთელი რიგი მიზეზების გამო. ეპლმა გადაწყვიტა უბრალოდ ეყიდათ რომელიმე იმ დროისთვის არსებული პერსპექტიული საოპერაციო სისტემა და ის განევითარებინათ საკუთარი მაკებისთვის. კომპანია ძალიან ახლოს იდგა ეპლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჟან ლუი გასეს პირმშოს – BeOS-ს ყიდვისგან, როდესაც ეპლის გენერალურ მენეჯერს გილ ამელიოს სტივ ჯობსმა, რომელიც იმ დროისთვის საკუთარ NeXT Inc-ს ედგა სათავეში, დაურეკა საქმიანი წინადადებით. ამის შემდეგ ეპლი ყიდულობს სტივ ჯობსის NeXT-ს ძირითადად მისი საოპერაციო სისტემა NeXTStep-ის გამო და აქედან იწყება Mac OS X-ის ისტორიაც.

Next-ის ყიდვის შემდეგ ეპლმა გადაწყვიტა, რომ NeXTStep-ზე გადმოეტანათ MacOS -ის ძველი ინტერფეისი. სამუშაო იმდენად ადვილი ჩანდა, რომ მისი განხორციელება მხოლოდ ერთ პროგრამისტს მიანდეს. ამ პროექტის მენეჯერი კორდელ რაცლოფი იხსენებს, რომ მისი (პროგრამისტის) სამუშაო საკმაოდ მოსაწყენი იყო –  მას ახალი ინტერფეისი ძველისთვის უნდა დაემსგავსებინა.

მიუხედავად კომპანიის ასეთი პოლიტიკისა ახალი საოპერაციო სისტემის მიმართ, რაცლოფი თვლიდა, რომ ძველი ინტერფეისის ინტეგრაცია სრულიად ახალ საოპერაციო სისტემაზე, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყო გამოწვეული, საკმაოდ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ამიტომ მანდ პარალელურად დაიწყო ახალი ინტერფეისის კონცეფციაზე მუშაობა. ბერტრან სერლემ, რომელმაც პირველმა ნახა კონცეფციის ელემენტები, უაღრესად კმაყოფილი დარჩა, მაგრამ იმდროინდელმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ  ეპლს არც დრო ჰყოფნიდა და არც შიდა რესურსები სრულიად ახალი ინტერფეისის შესაქმნელად და გააგრძელეს ძველი პოლიტიკის განხორციელება.  რამოდენიმე თვის შემდეგ ეპლის სოფტვეარ ინჟინრების შეხვედრაზე რაცლოფმა მაინც წარმოადგინა ახალი ინტერფესის მონახაზები, მაგრამ მხარდაჭერა მაინც ვერ ჰპოვა.  2 კვირის შემდეგ კი რაცლოფს დაურეკა სტივ ჯობსის ასისტენტმა და სთხოვა ჯობსთან შეხვედრისთვის მომზადება. ჯობსი, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალი მოსული იყო  ეპლში, ეცნობოდა კომპანიის მიმდინარე პროექტებს და მათზე მომუშავე გუნდებს. რაცლოფთან და მის გუნდთან მისი შეხვედრა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: “თქვენ ხართ ისინი, ვინც ახალ საოპერაციო სისტემის ინტერფეისზე მუშაობს? თუ კი, მაშინ თქვენ ხართ იდიოტები”, იხსენებს რაცლოფი. სტივ ჯობსს იმდენად სძულდა ძველი Mac OS-ის ინტერფეისი და განსაკუთრებით ფანჯრებთან წვდომის მეთოდი, რომ მწარე ეპითეტებს არ იშურებდა მათთვის, ვინც ძველი ინტერფეისის მომხრე იყო.  მას უბრალოდ არ ესმოდა, რა საჭირო იყო ერთიდაიგივე ფანჯრის გამოძახების 8 მეთოდი, როცა ერთიც საკმარისი უნდა ყოფილიყო. სიტუაციის გადასარჩენად რაცლოფმა ჯობსს ანახა ახალი დიზაინის კონცეფცია, რომელიც მანამდე ყველამ დაიწუნა. იდეით დაინტერესებულმა ჯობსმა მათ 3 კვირის ვადა მისცა პროტოტიპის შესაქმნელად და წარსადგენად.  20 დღე და ღამე მუშაობის შემდეგ Macromedia Director-ში პროგრამისტებმა სტივ ჯობსს წარუდგინეს პროტოტიპის ვერსია.  ჯობსს იმდენად მოეწონა ინტერფეისი, რომ მთელი დღე გაატარა მათთან მსჯელობაში, რა და როგორ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ იდეის ხორცშესხმისთვის.  რაცლოფი იხსენებს, რომ ინტერფეისის ნახვის შემდეგ ჯობსმა მათ უთხრა –  ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეპლში ვხედავ ინტელექტის კოეფიციენტს, რომელიც სამნიშნა რიცხვით იზომება.  ეს იყო ნიშანი იმისა, რომ რაცლოფის გუნდს ჰქონდა სტივ ჯობსის სრული მხარდაჭერა ახალი ინტერფესის შემქნის საკითხში.  თვითონ ჯობსი უმკაცრესად აკონტროლებდა სამუშაოს პროცესს.  იგი ყოველდღე შედიოდა რაცლოფის გუნდთან ოთახში და პიქსელების დონეზე ამოწმებდა მათ სამუშაოს. თუ რომელიმე დეტალი არ დაემთხვეოდა მანამდე შეთანხმებულ ზომებს ან ფერებს, ჯობსი სერიოზულ სკანდალს უწყობდა კონკრეტულ პროგრამისტს. იგი თვითონ განსაზღვრავდა, რა ზომის, რა ფერის და როგორი ფუნქციონალობის უნდა ყოფილიყო კონკრეტული დეტალი ახალ ინტერფეისში.

რაცლოფი იხსენებს, რომ მისმა გუნდმა  ექვსი თვე დახარჯა მხოლოდ სკროლ ბარების იმ სტანდარტებამდე მიყვანაში, როგორიც ჯობსს სურდა.  ჯობსის იდეა იყო ასევე ჩასაკეცი, დასახური და გასადიდებელი ღილაკების შუქნიშნის ფერებისთვის დამთხვევაც, რადგანაც იგი თვლიდა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის უფრო ადვილი აღსაქმელი იქნებოდა მათი ფუნქციები ფერთა ასეთი კომბინაციის გამო.

18 თვე არანორმალური შრომის შემდეგ ახალი საოპერაციო სისტემა მზად იყო შიდა ტესტირებისათვის. მიუხედავად ამისა, სტივ ჯობსმა იცოდა, რომ ახალ კოდზე დამყარებულ  და სრულიად ახალი ინტერფეისის მქონე საოპერაციო სისტემას დეველოპერები ენთუზიაზმით არ შეხვდებოდნენ.  ამისათვის მანდ გადაწყვიტა დაეყოლიებინა იმდროინდელი სამი გიგანტი Mac OS X-თვის პროგრამების შექმნაში. ესენი იყვნენ Microsoft, Adobe  და Macromedia. მაიკროსოფტი გამოეხმაურა სტივ ჯობსს და შექმნა ოფისი OSX-სთვის, ხოლო დანარჩენი  ორი კომპანია მხოლოდ უბრალოდ პორტირებით შემოიფარგლა, რამაც ეპლს მომავალში უბიძგა საკუთარი ანალოგიური პროდუქტების, iLife, Final Cut , Aperture და iWork-ის  შექმნისკენ.

კორდელ რაცლოფი იხსენებს, რომ ინტერფეისის ე.წ. აკვა კონცეფციის შემქნაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეპლის ახლად გამოსულმა iMac G3-ის გარეგნულმა დიზაინმა, რასაც სტივ ჯობსი ძალიან იწონებდა და ერთი სული ჰქონდა, როდის შეუხამებდა საოპერაციო სისტემის და აიმაკის დიზაინს ერთმანეთს უკვე დასრულებული, ერთიანი პროდუქტის სახით.

საბოლოოდ სტივ ჯობსმა ახალი საოპერაციო სისტემა OS 10.0, იგივე Cheetah  2000 წელს მაკვორლდზე წარმოადგინა, რითიც სათავე დაუდო რევოლუციურ ახალ საოპერაციო სისტემას, რომელმაც  მომავალში თავის მხრივ უდიდესი გავლენა მოახდინა აიფონის, აიპედის შექმნაზე, ხოლო სტივ ჯობსი დროებითი მენეჯერის პოზიციიდან გადაიქცა ეპლის სრულუფლებიან, გენერალურ მენეჯერად. ქვემოთ იხილეთ ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი 2000 წელს პირველად წარადგენს Mac OS X-ს Macworld-ზე.

httpv://www.youtube.com/watch?v=Ko4V3G4NqII

სტატია შეიქმნა OSXBOOK-ისWikipedia-ს და Cult of Mac-ის მასალებზე დაყრდნობით

Related posts