მიმოხილვა

ის რაც 2 მარტს გამოგვრჩა

75views

ეპლის შთამბეჭდავი პრეზენტაციისას 2 მარტს, როდესაც სტივ ჯობსმა ახალი აიპედი წარმოადგინა და კიდევ ერთხელ განამტკიცა აზრი იმის შესახებ, რომ აიპედს უახლოესი წლების მანძილზე სერიოზული კონკურენცია არ შეექმნება , მან ასევე წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო ფაქტები და შედეგები, რომლებიც მიუთითებენ ეპლის საკმაოდ მტკიცე პოზიციებზე ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარზე და რომელიც არ მოხვედრილა დიდი ყურადღების ცენტრში გასაგები მიზეზების გამო.

კერძოდ:

iOS -ის დეველოპერულმა სამყარომ ბოლო 3 წლის მანძილზე 2 მილიარდი (!!) დოლარი მიიღო აპლიკაციების გაყიდვიდან

ერთ-ერთი დიდი ფაქტორი აიფონის და აიპედის წარმატებისა არის უკვე ჯადოსნურ წრედ ქცეული სმარტფონი – დეველოპერი – მომხმარებელი, რომელიც აიფონის და აიპედის ფენომენალური გაყიდვების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.  ეს უკვე კვერცხის და ქათმის ისტორიას ჰგავს, რომლის ამოხსნასაც ცდილობენ კონკურენტი კომპანიები, თუ არ ჩავთვლით გუგლის ანდროიდის მარკეტს, თუმცა უფრო განსხვავებული მოდელით და გაცილებით მცირე შემოსავლით, ვიდრე ეპლის ეპსტორია. პროგრამების გაყიდვების ეს მოდელი ცოტა ხნის წინ გადმოტანილ იქნა მაკზეც, სადაც მომხმარებელი იგივენაირად იოლად პოულობს საჭირო პროგრამას,  აღწერას, რეიტინგებს და თითის ერთი მოძრაობით იწერს კომპიუტერში, სადაც პროგრამის ინსტალაცია არც თუ ისე ადვილია ნებისმიერი პლატფორმის უბრალო მომხმარებლისათვის და რომელიც საერთოდ შეუმჩნეველ პროცესად იქცა მაკზე ამ მაღაზიის მეშვეობით. ადვილი მისახვედრია, მაკ ეპსტორს როგორი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ახლო მომავალში ეპლის კომპიუტერების გაყიდვის შედეგებზე.

ეპლი უკვე სხვა ეპოქაში, კერძოდ როგორც სტივ ჯობსმა თქვა, პოსტ-პისი ეპოქაშია (Post-PC) თავისი აიპედით.

რაც ნიშნავს ერთ რამეს, რომ ეპლი და კონკურენტები სულ სხვადასხვანაირად აღიქვამენ თავიანთ პროდუქტებს და მომხმარებელს. მოტოროლა, სამსუნგი და სხვა კომპანიები ცდილობენ აქცენტი გააკეთონ პროდუქტის სპეციფიკაციებზე, დიდ ოპერატიულ მეხსიერებაზე, ფლეშის მხარდაჭერაზე და სხვა საკომუნიკაციო პორტების არსებობაზე, რაც აიპედში არაა. ეპლი აქცენტს აკეთებს ე.წ. User experience-ზე, ანუ მომხმარებლის იოლ და სასიამოვნო გამოცდილებაზე აიპედთან. გაყიდვების შედეგები კი მოწმობს, რომ გლობალური მომხმარებელი, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე დაიღალა საკმაოდ რთული კომპიუტერული ტერმინოლოგიის ხშირად უშედეგო ანალიზით კომპიუტერის არჩევისას, ირჩევს ეპლის მიერ შემოთავაზებულ მოდელს, რომელიც გაცილებით უადვილებს არჩევანს ტაბლეტური კომპიუტერის არჩევისას. ეს მხოლოდ უბრალო მარკეტინგული მიდგომა არაა, რომელიც ზოგიერთი კონკურენტის შემთხვევაში მხოლოდ ლამაზ, სარეკლამო ინტერფეისს ეყრდნობა. ვერც ერთი კონკურენტი კომპანია თუ საოპერაციო სისტემის მწარმოებელი ვერ დაიკვეხნის მისი პროდუქტის უფრო მეგობრულობით და სიიოლით მომხმარებლისადმი, როგორიც ეპლის პროდუქტებია.

ეპლის ხედვა კომპიუტერებისადმი არ შეცვლილა

ალბათ ზოგიერთ ჩვენთაგანს ახსოვს ეს ვიდეო, სადაც ახალგაზრდა სტივ ჯობსი კომპიუტერებს ადარებს ველოსიპედებს, რომლებმაც დანიშნულების ადგილამდე/მიზნამდე/ამოცანის ამოხსნამდე ადამიანი უნდა მიიყვანოს უფრო სწრაფად და კომფორტულად, ვიდრე ეს ფეხით სიარულია. შეუძლებელია მონახო სხვა კომპიუტერული კომპანია დღეისათვის, რომელიც ასე აღიქვამს საკუთარ პროდუქტებს და სამომხმარებლო სივრცეს. ეპლის ახალი საოპერაციო სისტემა Mac OS 10.7, ანუ იგივე Lion, ლომი, რომლის სატესტო ვერსიები  რამოდენიმე დღის წინ დაურიგდათ მაკის დეველოპერებს, ძალიან ბევრ ასპექტში იმეორებს iOS-ს შეგრძნებას, მის მარტივ ლოგიკას ამოცანის შესრულებისას და სასიამოვნო ინტერფეისს. მიზანი ნათელია, ეპლი ცდილობს, რომ მის ახლანდელ და მომავალ მომხმარებელს ჰქონდათ ერთიანი, უნიფიცირებული განცდა მიუხედავად იმისა აიფონი უჭირავთ ხელში, აიპედი თუ მაკბუქპრო და ისიც მხოლოდ  ერთი მიზნით –  უფრო იოლად და კომფორტულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე.

სამომხმარებლო ელექტრონიკის სამყაროში მომხმარებელი თავისებური ამომრჩეველია, რომელიც საკუთარი საფულით აძლევს ხმას პროდუქტს, რის შედეგადაც პროდუქტი ან აგრძელებს ცხოვრებას, ან გადადის ისტორიის ჩრდილში, ან იშვიათად იღებს მეორე შანსს ხოლმე. ხოლო ხმის მიცემის გადაწყვეტილებას და ფავორიტის არჩევისას პოსტ-პისი ეპოქაში მომხმარებელი აღარ მიიღებს პორტების რაოდენობის ან ფლეშის მხარდაჭერის გამო. რისი დასტურიც გახდება 11 მარტს ეპლის მაღაზიებში გამართული “არჩევნების” შედეგები.

Comments

comments

Leave a Response